გიგი უგულავას ექნება საშუალება ისაუბროს იმ ბინძური კამპანიის შესახებ, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს ”ნაცმოძრაობის” წევრებმა

გიგი უგულავას ექნება საშუალება ისაუბროს იმ ბინძური კამპანიის შესახებ, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს ”ნაცმოძრაობის” წევრებმა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.

როგორც ჭიაბერაშველმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის და სხვა ლიდერები ე.წ. მატროსოვის ციხესთან უკვე იკრიბებიან.

”ვულოცავ გიგი უგულავას გათავისუფლებას. ის დღეს დატოვებს საპატიმროს. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. ივანიშვილის პირადი სხვა პატიმრები რჩებიან პატიმრობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხვებმაც მალე დატოვონ საპატიმრო, რადგან ისინი არიან უკანონო, პოლიტიკური პატიმრები და ამას ადასტურებს ევროპარლამენტარების დღევანდელი განცხადება, რომელიც ეხმაურება საქართველოში მიმდინარე გახმაურებულ პროცესებს. არანაირი ილუზია, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია, არ გვაქვს, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება არის საერთაშორისო და ადგილზე პოლიტიკური ზეწოლის შედეგი”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, უგულავა თავად ისაუბრებს ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა და იმ ბინძურ ცილისწამებაზე, რომელიც მის მიმართ იყო პარტიის გარკვეული ლიდერების მრიდან.

”მე ამაზე არ ვისაუბრებ. გიგი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ის დატოვებს დღეს საპატიმროს და ბუნებრივია, ექნება საშუალება თავისი ხედვების, პარტიაში მიმდინარე პროცესების და იმ ბინძური კამპანიის შესახებ ისაუბროს, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაშია. ამ ცილისწამებას და ბინძურ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.