დარწმუნებული ვარ, გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგი კაპანაძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად "პოლიტიკური ვითარებისა" ბრძოლას აზრი აქვს.
"ის, რომ გიგი უგულავა გათავისუფლდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარი გამოვა დღეს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ აზრი აქვს ყოველთვის მუშაობას მიუხედავად იმისა როგორი სიტუაციაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რა კონტროლი აქვს ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, გიგი უგულავა დღესვე დატოვებს ე.წ. მატროსოვის ციხეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პირველი ნაწილით, ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.
გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.