ნაძალადევის რაიონში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. გამგებელმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მთლიანად გაიმართება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა - ახლით იცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე მონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მარტში დაასრულებს, რის შემდეგაც სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია გააგრძელებს და ქუჩაზე მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.