სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია, - ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი ნიჟარაძე კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ბორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.
„მე არ მგონია და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს სიტყვა გამოიყენეს, ვინაიდან სამარცხვინო არავის არაფერი ჩაუდენია დანამდვილებით. რაც შეეხება იმას, თუ ვის მივეცი ხმა, მოდით, ფარულ კენჭისყრას პატივი ვცეთ. ხმა მივეცი დამოუკიდებელ, ძლიერ, კონსოლიდირებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მიმაჩნია, რომ ამ მაუწყებელს აქვს უზარმაზარი რესურსი, რომელიც არ არის რეალიზებული და ამისთვის საჭიროა სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს თავისი ფუნქციები, რასაც, საწუხაროდ, აქამდე ბოლომდე ვერ ასრულებს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატს, ნიჟარაძის თქმით, ის იარლიყების მიკერების კატეგორიული წინააღმდეგია.
„რა იყო აქამდე, ჩანს, მაღლაფერიძის ბიოგრაფიაში. ყველამ თავისი ანალიზი გააკეთოს. შეკითხვები იყო ძალიან მძიმე. მე ვთვლი, რომ მან ამომწურავად უპასუხა კითხვებს და დააფიქსირა თავისი პოზიცია. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გულწრფელი იყო თავის გამონათქვამებში, გვრჩება ერთადერთი - დაველოდოთ მის პირველ ნაბიჯებს. გულწრფელად ვუსურვებ მას დიდი წარმატებას, ვინაიდან მისი წარმატება იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატება. მინდა მჯეროდეს, რომ რაც დაჰპირდა საზოგადოებას, იმას შეასრულებს. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდება, სად მიჰყავს ახალ დირექტორს საზოგადოებრივი მაუწყებელი და მერე თქვენც აქ ხართ, სამოქალაქო სექტორიც, სამეურვეო საბჭოც და თუ რაღაც ისე არ იქნება, შევიკრიბებით და ამაზე ვილაპარაკებთ“, - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენი ოთხი კანდიდატი ჩართული იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას - ორმა.