სულხან სალაძე:  ვასილ მაღლაფერიძე ყველაზე მეტად მისაღები იყო ხელისუფლებისთვის

სულხან სალაძე: ვასილ მაღლაფერიძე ყველაზე მეტად მისაღები იყო ხელისუფლებისთვის

ვასილ მაღლაფერიძე ყველაზე მეტად მისაღები იყო ხელისუფლებისთვის და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო იყო დამოუკიდებელი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამეურვეო საბჭომ დღეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეეძლო მიეღო.

„ვასილ მაღლაფერიძე არის კანდიდატი და უკვე გენერალური დირექტორი, რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა ჰქონდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის დროს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ოთხი სხვა კანდიდატი შესაძლებელია ყოფილიყო უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ვიდრე ვასილ მაღლაფერიძე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამეურვეო საბჭო იყო დამოუკიდებელი, უკვე შემიძლია ამის თქმა“, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ქართულ მედიაში ძალიან საშიშ სიტუაციას ვღებულობთ, როდესაც ქართული ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა, შეიძლება, ერთ მხარეს აღმოჩნდეს.

„იმის გათვალისწინებით, რა მოვლენებს აქვს ადგილი ქართულ მედიასივრცეში, იმის გათალისწინებით, რა გარიგებებს აქვს ადგილი ბოლო პერიოდში კერძო მაუწყებლებს შორის, ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებაც არის ნაწილი იმ გარიგებებისა, რომელიც აქამდე იყო. ჩვენ ვღებულობთ ძალიან რთულ, ცუდ, საშიშ სიტუაციას, როდესაც შესაძლებელია, ქართული ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩნდეს ერთ მხარეს და მაყურებელს რეალურად არ ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშაულებების მხრიდან“, - დასძინა სალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან რთული პერიოდი დგება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და საუბარი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აზრს კარგავს, როდესაც გენერალური დირექტორი ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის მეორე კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას - ორმა.