საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლებისთვის მაამებლური გადაწყვეტილება მიიღო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელისუფლებისთვის მაამებლური გადაწყვეტილება მიიღო

მე კითხვის ნიშნები მაქვს ვასილ მაღლაფერიძის არა მხოლოდ პოლიტიკურ წარსულთან, არამედ არსებულ პოლიტიკურ სიმპათიებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ნდობა მოუპოვოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მსხილაძის თქმით, მას პრეტენზია აქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან და არა კანდიდატებთან.

”მე მინდა მივულოცო ახალ დირექტორს მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მხარი არ დამიჭერია. ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილება და მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მისცა ხმა.

ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გუშინ გამოვხატე. მე მაქვს კითხვის ნიშნები არა მხოლოდ მის პოლიტიკურ წარსულთან, არამედ არსებულ პოლიტიკურ სიმპათიებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლის ნდობა მოუპოვოს. კანდიდატებს რაც შეეხება, ნებისმიერს შეეძლო შემოტანა განაცხადის, თუ ის აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. მე კანდიდატებთან პრეტენზიები არ მაქვს, მე პრეტენზია მაქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან. მესამე წელია სამეურვეო საბჭოში ვარ და ყველაზე კრიტიკულ მომენტებში საბჭომ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

გავიხსენებ ეგზიტპოლებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო კომპანიებთან ალიანსში შევიდა და მათთან ერთად ჩაატარა. მეორედ, ასეთი კრიტიკული და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება დღეს უნდა მიეღოთ და დღესაც მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვლავ ხელისუფლება არჩია და ხელისუფლებისთვის მაამებლური გადაწვეტილება მიიღო”, -განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

მისივე თქმით, ის არ აკნინებს არჩეული დირექტორის არც პროფესიონალიზმს და არც მის გამოცდილებას, მაგრამ, როდესაც საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმ მედიაგარემოში, რომელიც დღეს საქართველოშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ და ტელევიზიის სასარგებლოდ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება.

”მე ვფიქრობ, რომ საზოგადობრივ მაუწყებელს ვერ ეღირსა სტაბილურობა, ეს არჩევანი ამის მაჩვენებელია”, -განაცხადა მსხილაძემ.