„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განმარტებით, მისთვის პრინციპულია ელისო კილაძის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომლის განხილვაც სასამართლომ დღეს დაიწყო.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ საქმეს ბოლომდე მიყვება, რათა დადგინდეს, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და გამიზნულ ცილისწამებას შორის.
„ცოტა უცნაურია, რომ სარჩელის განხილვის დაწყებას ერთი წელი დასჭირდა და ვადებსაც გადასცდა. საკითხი ჩემთვის პრინციპულია. რადგან ეს პროცესი დავიწყე, მიმაჩნია, რომ პრეცედენტი უნდა შეიქმნას და დადგინდეს სად არის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და სად ხდება პირდაპირი და გამიზნული ცილისწამება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მან აქვე აღნიშნა, რომ მისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული საქმე.