კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი:  ერთადერთი პირი ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: ერთადერთი პირი ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს

ერთადერთი პირი ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს, - ამის შესახებ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა რევაზ შიუკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შიუკაშვილი, საქმეზე ბრალდებულ კიდევ ორ პირთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული და პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო სასამართლო დარბაზშივე გათავისუფლდნენ და სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ციხის გარეთ დაელოდებიან.

როგორც ბრალდებული განმარტავს, მას ფარული ჩანაწერების საქმესთან არავითარი შემხებლობა არ აქვს.

„არ მაქვს აღნიშნულთან არანაირი შეხების წერტილი და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ერთადერთი პირი ვიყავი დასაჭერი და დამიჭირეს“, - განაცხადა რევაზ შიუკაშვილმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულებს - რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები დღეს გაათავისუფლა.

გათავისუფლება არ შეეხო მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო.

სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.