საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა. ფარული კენჭისყრით ყველაზე მეტი- 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თუმცა, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სულ მცირე 5 ხმა იყო საჭირო. მეორე ტურში გადავიდნენ ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც 2 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ღია კონკურსის მეორე ტურში 14-დან 5 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.
მეორე ტურში გასულ კანდიდატებს სამეურვეო საბჭოს წევრები 4 და 5 იანვარს გაესაუბრნენ.