პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის საკითხიც დადგება

პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის საკითხიც დადგება

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ყრილობაზე სხვა საკითხებთან ერთად პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრის საკითხიც დადგება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბოკუჩავამ განუცხადა, საბოლოო დღის წესრიგზე საორგანიზაციო კომისია ბოლომდე შეჯერებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, რამდენიმე საკითხი კენჭისყრაზე დადგება: პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად ან არავაკანტურად დატოვების საკითხი, პოლიტსაბჭოს წევრების და სამდივნოს განსაზღვრა. მისივე თქმით, ყველა ამ საკითხზე, ისევე როგორც გენერალურ მდივნის საკითხზე, გადაწყვეტილებას ის 7 000 დელეგატი მიიღებს, რომელიც ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს.

”საბოლოო დღის წესრიგზე, ამ დროისთვის, საორგანიზაციო კომისია არ არის შეჯერებული. იქნება რამდენიმე სპიკერის მიმართვა. ასევე, რამდენიმე საკითხი დადგება კენჭისყრაზე, კერძოდ, როგორიც არის: პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად ან არავაკანტურად დატოვების საკითხი, პოლიტსაბჭოს წევრების და სამდივნოს განსაზღვრა. პოლიტსაბჭოს და სამდივნოს დაკომპლექტებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იყოს გარკვეული სიახლე, რადგან ყველა ყრილობა უნდა ატარებდეს განახლების მესიჯს და ენერგიას. თუმცა, ეს იქნება იმ 7 000 დელეგატის გადასაწყვეტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ყრილობაში. ეს საკითხები არ არის ჩემი გადასაწყვეტი. 7 000 ადამიანის გადასაწყვეტია როგორც პარტიის თავმჯდომარის, ისე გენერალური მდივნის საკითხი. ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ პოზიციების შევსებით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითამაშებდა ივანიშვილის წესებით და შეეგუებოდა ამ რეალობას. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკუტი პატიმარი გათავისუფლდეს, ყველა პოლიტიკური დევნილი დაბრუნდეს საქართველოში”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა 20 იანვარს არის დაგეგმილი. პარტიის წევრთა ნაწილი ყრილობის ჩატარების წინააღმდეგია და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ყრილობისთვის შექმნილია საორგანიზაციო კომისია.