ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში, რაც გულისხმობს თანამებრძოლებზე თავდასხმასა და შეურაცხყოფას, - ასე უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიას.
”ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში, რაც გულისხმობს თავდასხმას თავის თანამებრძოლებზე, რომელსაც ეძახის ახირებულ ჯგუფს. ეს არის ის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე და რამაც დაასუსტა ”ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლა, რასაც ვერ მოგვწყვეტს ვერც ასეთი ბინძური კამპანია”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი.
„ჩვენ, თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად ვმართავთ უპრცედენტოდ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მასშტაბურ ყრილობას“, - ამის შესახებ ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების და მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებაში, რომლებიც მხარს უჭერენ ყრილობის ჩატარებას. აღნიშნული განცხადება მედიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააცნო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყრილობის ჩატარებისთვის ხელის შეშლა პარტიის ასიათასობით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც არ დაუშვებენ.