საქართველოსთან ჩინეთს ნამდვილად უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება

საქართველოსთან ჩინეთს ნამდვილად უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება

ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი დავით აფციაური ჩინეთისთვის საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

"საქართველომ დაიკავა მერვე, ძალიან საპატიო და პრესტიჟული ადგილი. ის, რომ საქართველო ჩინეთის საზოგადოებისთვის ცნობილია, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ეს კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია იმისა, რომ საქართველოსთან ჩინეთს ნამდვილად უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. მათ შორის, ვაჭრობაში, რომელიც ნებისმიერი საქმიანი კონტაქტების მამოძრავებელი ძალაა",- განაცხადა ელჩმა.

2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის "ვეისინის" მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს "თავისუფალი ვაჭრობის" შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.