ლევან კალანდაძის შეფასებით, ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყანაა.

ლევან კალანდაძის შეფასებით, ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყანაა.

"გამოჩნდა, რომ საქართველოსთან გაფორმებული "თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება" ჩინეთისთვის, პრაქტიკულად, ერთ-ერთ ნომერ პირველ პრიორიტეტად იქნა დასახელებული. ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ თავად ჩინეთისთვის ასეთი ტიპის თემები, მათ შორის, ამერიკასთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობა, ამ ბაზრებზე შეღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, თავად "აბრეშუმის გზის" კონცეფცია პირველ პრიორიტეტად არის დასახელებული. ამ კონცეფციაში საქართველო არის მოაზრებული, როგორც მთავარი მოთამაშე და ეს იკვეთება იქედანაც, რომ პრაქტიკულად, საქართველო აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის მოხვედრილთა სიაში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს დადებული",- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, "სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველოს "აბრეშუმის გზის" კონცეფციით შეუძლია იყოს არამხოლოდ სარგებლის მიმღები, არამედ გახდეს ქვეყანა, რომელმაც სწორი აქცენტების პირობებში შეიძლება მოიზიდოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები მსხვილი პროექტებისთვის.

ექსპერტის განცხადებით, მთავრობის მიერ დასახელებული 4-პუნქტიანი გეგმის თანამხად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც შესაძლოა, ჩინეთმა ინვესტიციები განახორციელოს.

"ჩინეთისთვის ევროპის ბაზარზე შეღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთისთვის აბრეშუმის გზის კონცეფციის რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერის მიერ დაანონსებული უახლოესი 4 წლის გეგმები, ე.წ. სივრცითი განვითარების გეგმა ითვალისწინებს ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს და არ გამოვრიცხავს, რომ ჩინეთისთვის საქართველოს პრიორიტეტულობის გათვალისწინები, ჩინეთის თანამონაწილეობა ამ პროექტებში უახლოესი 4 წლის განმავლობაში იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ, ახლა ჩვენ მხარეს მართებს ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ეს კონცეფცია, რომელიც ერთის მხრივ, ე.წ. "აბრეშუმის გზის" კონცეფციას უკავშირდება და მეორეს მხრივ, ქართული მხარის მიერ დაანონსებულ პროექტს, რეალურად იყოს ხორცშესხმული და ჩინეთის ეს ინტერესი ასახული იყოს კონკრეტულ ქართულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში",- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა. "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.