სულხან ცინცაძის 85 ნომერში გაცემული სამშენებლო ნებართვების შესახებ დოკუმენტები თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა ამხანაგობა ”საბურთალოს 63”-ის ადვოკატ ლაშა მჭედლიძესთან ერთად დღეს თბილისის საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ლაშა მჭედლიძემ განაცხადა, საბურთალოს 63-ში (ცინცაძის 85-ში) კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ კი ადვოკატს ჩაბარდა აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა. ლაშა მჭედლიძის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის პირები, რომლებმაც გასცეს მშენებლობის ნებართვა თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ. აგრეთვე ბათილად უნდა იყოს ცნობილი სამშენებლო აქტები, რომლითაც საბურთალო 63-ში მშენებლობის ნებართვა გაიცა.
ადვოკატის თქმით, უფრო მართებული იქნება, თუ არქიტექტურის სამსახური, თავად მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ლაშა მჭედლიძის ინფორმაციით, თავად აუდიტის სამსახური აღიარებს, რომ ადგილი აქვს გადაცდომას და საქმე პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს.
პრესკონფერენციაზე, ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია თუ რატომ გადაეცათ მათ 3 იანვარს თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა, როდესაც ეს დასკვნა 18 ნოემბერს არის მომზადებული.
„ამ დასკვნაში წერია, რომ 402 000 ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს, რომ შეგნებულად არასწორად მოხდა არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო კოეფიციენტების დათვლა. კერძოდ, 10 სართულიანი კორპუსი შეგნებულად გაასაღეს 6 სართულიან შენობად. თითქოს 4 სართული იყო მიწისქვეშა სადგომი და სინამდვილეში, იქ ჩვეულებრივი ფართებია. შეგნებულად გასაღდა აღნიშნული სართულები მიწისქვეშად. ასე დამტკიცდა პროექტი. დასკვნაში წერია, რომ ერთმნიშვნელოვნად აქ არის კრიმინალი, რომ ამ დასკვნას მერიის შიდა აუდიტი და მონიტორინგის სამსახური აგზავნის პროკურატურაში”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, შესაბამისად, მას აქვს სამი მოთხოვნა: პირველი, გააუქმოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს 63-ში, იგივე სულხან ცინცაძის 85-ში გაცემული სამშენებლო ნებართვა. ასევე გაუქმდეს მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო, სადაც სამშენებლო პროექტების დამტკიცება სერიოზული დარღვევებით ხდება. მესამე მოთხოვნა, რომელსაც ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს უყენებს, ეს არის მერმა აღიაროს, რომ არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი იყო მექრთამე, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მერმა პრემიაც კი გამოუწერა.