სირიაში გაერო-ს კოორდინატორი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შემდეგ, მოსახლეობა ალეპოში უკან ბრუნდება

სირიაში გაერო-ს კოორდინატორი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შემდეგ, მოსახლეობა ალეპოში უკან ბრუნდება

სირიაში გაერო-ს ჰუმანიტარული ღონისძიებების კოორდინატორმა საჯად მალიკმა განაცხადა, რომ მიუხედავად ალეპოს მასშტაბური განადგურებისა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შემდეგ მოსახლეობა უკან ბრუნდება. 

ალეპოდან ვიდეო-კონფერენციისას მალიკმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში 2 200 ოჯახი დაბრუნდა. 

მისი თქმით, ქალაქის აღდგენა დიდ დროს მოითხოვს. „ამინდის პირობები არახელსაყრელია. ხალხი სახლებში ბრუნდება, რომლებსაც არც კარები და არც ფანჯრები გააჩნია“, - განაცხადა გაერო-ს კოორდინატორმა. 

მალიკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა სირიაში მშვიდობის დამყარების შანსის გამოყენება და რიგით სირიელებში რწმენისა და იმედის გაჩენა. 

გაერო-ს მონაცემებით, სირიაში სამოქალაქო ომის დროს 400 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონ ადამიანს სახლების დატოვება მოუწია. 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავშესაფარი საზღვარგარეთ იპოვა.