გია ჯაფარიძე - სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საქართველოში მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკთან დაკავშირებულ პოლიტიკას, არის რეპრესიული

გია ჯაფარიძე - სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საქართველოში მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკთან დაკავშირებულ პოლიტიკას, არის რეპრესიული

მარიხუანას თემას აქვს რამდენიმე განზომილება. სოციალური განზომილება, ადამიანის უფლებათა განზომილება, ჯანდაცვის განზომილება, ეკონომიკური განზომილება, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია ”გირჩის” წევრმა, გია ჯაფარიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 
„დავიჯერო ქვეყანაში პრობლემა არ არის ის, რომ ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ათასობით ადამიანი ხვდება ციხეში და ათასობით ადამიანს ეწერება ბიოგრაფიაში, რომ არის ნასამართლევი?!”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 
მისივე თქმით, ის ქმედება, რომელიც ”გირჩის” წევრებმა 31 დეკემბრის ღამეს განახორციელეს, არის პოლიკური აქტი, რომელიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს უკავშირდება. “ნებისმიერი კანონი იქმნება ადამიანების მიერ და იქმნება ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საქართველოში მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკთან დაკავშირებულ პოლიტიკას, არის რეპრესიული. ის არ არის ამ სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის. ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ნარკოტიკის მოხმარებისთვის სამართლდებიან, ისჯებიან. გვაქვს კიდევ უფრო ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც, სამწუხაროდ, მსხვერპლით მთავრდება. ის, რაც 31 დეკემბრის ღამეს განხორციელდა, არ არის დაკავშირებული მხოლოდ მარიხუანასთან, არ არის დაკავშირებული მხოლოდ იმასთან, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცას როცა უნდოდეს, მაშინ შეძლოს მარიხუანას მოწევა. აქ საქმე არ ეხება მხოლოდ კანაფს, ეს არ არის კანაფის კულტივაციასთან ან მის მოხმარებასთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტი, ეს არის ის პოლიტიკური აქტი, რომელიც უკავშირდება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 
მისი თქმით, სახელმწიფო ან საზოგადოება არ უნდა ურეგულირებდეს თავისუფალ პიროვნებას რა მოწიოს, რა დალიოს და ა. შ. ”თუ ჩვენ გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ თავისუფალ ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში თავისუფალი მოქალაქეები ახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ამ სახელმწიფოსთან, მაშინ ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება. არ შეიძლება სახელმწიფო ან საზოგადოება თავისუფალ პიროვნებას ურეგულირებდეს რა მოწიოს, რა დალიოს, რა მიიღოს საკვებად, როგორ გაიაროს, როგორ მოიქცეს და ა. შ. იგივე პრინციპით ჩვენ ხვალ შეიძლება ავკრძალოთ ალკოჰოლი, ზეგ ავკრძალოთ თამბაქო და ამის შემდეგ ავკრძალოთ შაქარი, რომელიც ბევრად უფრო მავნებელია, ვიდრე რომელიმე თამბაქო ან რომელიმე მარიხუანა”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.