ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მთელი რიგი საკითხები, რომელიც გასაწერი იყო, არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ვერ შედგა პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის ბოიკოტის გამო.
„საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ყრილობას უნდა განესაზღვრა. თუმცა, ბოიკოტის გამო ასეთი რამ ვერ მოხდა. სერიოზული იურიდიული ხარვეზები იკვეთება ამ მხრივ. ვერ გეტყვით, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს თუ სამართლებრივი საკითხები ვერ მოგვარდება. მაშინ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუ რამდენად ცნობენ იმ შედეგებს, რომელსაც ყრილობა დადებს. ამ ეტაპზე ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომელიც გასაწერი იყო, არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ბოიკოტის გამო ჩაიშალა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.