ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ აქტივისტები, არ არის სისხლისსამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა, - ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმე განიხილებოდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვით თავად ბრალდებულმა გიგი უგულავამაც ისარგებლა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, უგულავამ დასკვნით სიტყვაში სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული პრობლემაა პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმება.
„ის ფაქტი, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმდნენ პარტიული აქტივისტები, ეს არ შეიძლება მიჩნეული იყოს გაფლანგვად, რამდენადაც ყოველ არჩევნებამდე ან მის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ააიპ-ებში თუ სიპ-ებში ხდება მმართველი ძალისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების დასაქმება. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი პრობლემა, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პრობლემა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თავის მხრივ საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ უგულავამ დასკვნით სიტყვაში აღიარა და დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც სახელმწიფო ბრალდება მიუთითებდა და იმედი აქვს, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ნაწილში განაჩენი გიგი უგულავას მიმართ უცვლელი დარჩება, ხოლო რიყის ეპიზოდთან დაკავშირებით შეიცვლება თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და როგორც გიგი უგულავას, ასევე დავით კეზერაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.