Yahoo!-ს მატყუარა დირექტორი გააპანღურეს

Yahoo!-ს მატყუარა დირექტორი გააპანღურეს

ინტერნეტ-კომპანია Yahoo!, რომელიც კარგა ხანია გასაჭირშია და პოზიციების გამყარებას უშედეგოდ ცდილობს, ახალ სკანდალში გაეხვა. მისმა ერთ-ერთმა აქციონერმა აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი სკოტ თომპსონი ტყუილში ამხილა და მას სავარძელი სასწრაფოდ დაატოვებინეს. კომპანიის თავკაცის მოვალეობას კი დროებით როს ლევინსონი შეასრულებს, რომელიც აქამდე კომპანიის მედია-განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება აქტივისტ აქციონერს სახელად დანიელ ლოებს, რომელიც ამავე დროს ფირმა Third Point-ს თავკაცია, მას დაუყვავეს და კომპანიის დირექტორთა საბჭოში შეყვანას დაპირდნენ. კაცმა რომ თქვას, იმსახურებს. მაშ როგორ, რომ არა დანიელი, ხომ შერჩებოდა თომპსონს ხახვივით ოფიციალურ ბიოგრაფიაში ჩაწერილი ტყუილი, რომ იგი ვითომდა კომპიუტერულ სფეროში აკადემიურ ხარისხს ფლობს. არადა, ეს სასტიკი მონაჩმახია.

სკოტ თომპსონი Yahoo!-ს გენერალურ დირექტორად მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა. იქამდე იგი eBay-ის განყოფილება PayPal-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ტექნიკური დირექტორი იყო. Yahoo!-ს გენერალური დირექტორის პოსტზე მან ქეროლ ბარტცი შეცვალა, რომელიც მიზეზის დაუზუსტებლად გადააყენეს. თუმცა, ყველა კარგად მიხვდა, რომ ამის მიზეზი კომპანიის დაუსრულებელი წაგებები იყო.

თომპსონმა დანიშვნისთანავე აქტიური რეორგანიზაცია დაიწყო. აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Yahoo!-ს ხელმძღვანელობას 2 ათასამდე სამუშაო ადგილის შემცირება აქვს გადაწყვეტილი. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, პერსონალის 14 პროცენტია. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Yahoo!-ს ბიზნესი სამ მიმართულებად დაიყოფოდა. ამ ზომების წყალობით იგეგმებოდა კომპანიისათვის მომგებიანობის დაბრუნება და კაპიტალიზაციის ვარდნის შეჩერება.

ძალიან საინტერესო გახლდათ 17 აპრილს გავრცელებული მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. პირველად სამი წლის განმავლობაში Yahoo!-ს აქციაზე სუფთა მოგება გაიზარდა, თანაც მთელი 28 პროცენტით და 1 აქციის ღირებულებამ 2011 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლს, 286 დოლარს მიაღწია.

ანუ, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 3 მაისს Yahoo!-ს დირექტორთა საბჭოს ოფიციალური წერილით მიმართა ერთ-ერთმა აქციონერმა, კერძოდ, 5,8 პროცენტის მფლობელმა დანიელ ლოებმა. იგი წერდა, რომ თომპსონს არ აქვს კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სწავლულის ხარისხი, როგორც ამას იგი ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერს. მეტიც, ლოების განცხადებით სტონეჰილის კოლეჯში თომპსონმა მიიღო არა ორი, არამედ ერთი, ბუღალტერიის ბაკალავრის ხარისხი.

აქციონერის აზრით, ყოველივე ეს ეჭვს ქვეშ აყენებს თომპსონის კომპეტენციას და Yahoo!-ს ინვესტორთა შორის უნდობლობას იწვევს. ასე რომ, სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებლად უნდა მიიღონ შესაბამისი მკაცრი ზომები.

სანამ Yahoo!-ს დირექტორთა საბჭო დაფაცურდა, გამოცემა Business Insider ამ ისტორიით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ თომპსონი გაცილებით ადრეც, სხვა კომპანიებში მუშაობისას ცრუობდა. Yahoo!-ს პროფკავშირებმა უმალ ხმა აღიმაღლა და ტომპსონს კოლეგების გაძევება და ბიზნესის რეფორმირების დაწყება შეახსენა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე არა თომპსონის, არამედ მთელი დირექტორთა საბჭოს გადაყენებას ითხოვდნენ, რომელმაც არაპროფესიონალი მოიყვანა.

7 მაისს თომპსონმა Yahoo!-ს მთელ პერსონალს ბოდიშის წერილები დაუგზავნა. იგი აღნიშნავდა, რომ მომხდარი სკანდალის გამო ძალიან წუხს და ბოდიშს იხდის. თუმცა, სიტყვაც არ დასცდენია იმის შესახებ, თუ რატომ მიუთითა ოფიციალურ ბიოგრაფიაში არასწორი მონაცემები განათლების შესახებ.

მეორე დღეს Yahoo!-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც თომპსონის ბიოგრაფიას, კერძოდ კი განათლების საკითხს შეისწავლის. ლოები კი ვერ ისვენებდა და 9 მაისს ინტერნეტ-კომპანიის დირექტორთა საბჭოს კიდევ ერთი წერილით მიმართა, რომელშიც წერდა, რომ თომპსომი თავის საქციელს კი არა, იმას ნანობს, რომ მისი ტყუილები საყოველთაოდ ცნობილი გახდა.

ბოლოს და ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, თომპსონი გადააყენეს, მაგრამ ფაქტია, რომ Yahoo! ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. სკანდალმა მძიმედ იმოქმედა კომპანიის ისედაც შერყეულ იმიჯზე. თავისთავად ცხადია, ყოველივე ეს აისახება Yahoo!-ს ფინანსურ მაჩვენებლებზე, რომელიც კარგა ხანია სახარბიელო ისედაც არ არის.