საბერძნეთის ევროს ზონიდან გასვლა სულ უფრო რეალური ხდება

საბერძნეთის ევროს ზონიდან გასვლა სულ უფრო რეალური ხდება

ბოლო დროს ევროპის ფინანსური ელიტის რიტორიკა ევროს ზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლის შესახებ რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ მარტში არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის, განსაკუთრებით გერმენიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებდა, რომ მოვლენათა ამგვარ განვითარებას კატასტროფა მოჰყვება. ახლა კი ევროკავშირის ცენტრალური ბანკების თავკაცები ევროს ზონიდან ამა თუ იმ ქვეყნის გასვლის შესახებ კონსულტაციებსა და დისკუსიებს მართავენ. ევროს ზონის დატოვების უპირველეს კანდიდატად კვლავინდებურად საბერძნეთი რჩება. მის შესახებ ევროპელი ბანკირები საუბრობენ, რომ ბერძნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ და თუ საბერძნეთი ფინანსური დახმარების ფარგლებში შეთანხმებულ პირობებს არ შეასრულებენ, ახალ ტრანშს ვერ მიიღებენ. ამასთან, არაერთხელ აღინიშნა, რომ ევროს ზონიდან საბერძნეთის გასვლა, ცხადია, ზიანის მომტანი იქნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფატალური. ევროს ზონიდან საბერძნეთის გასვლის ზიანი კი, უპირველეს ყოვლისა, როგორც ევროკომისიის თავკაცმა ჟოზე მანუელ ბარუზომ აღნიშნა, ის იქნება, რომ ძალიან დაიკარგება ევროპის ერთიანი ვალუტისადმი ნდობა. ბარუზომ აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ საბერძნეთი არ შეასრულებს ევროკავშირის 17 ქვეყნის მიერ შეთანხმებულ საბიუჯეტო ვალდებულებებს, მაშინ მას ევროს ზონაში მართლაც არაფერი ესაქმება. “ევროს ზონა ეს ერთგვარი კლუბია და მის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს, - განაცხადა ბარუზომ, - თუ რომელიმე ქვეყანა არ ასრულებს პირობებს და პატივს არ სცემს პარტნიორებს, მაშინ ეს კლუბი უნდა დატოვოს”. განსაკუთრებით საინტერესოა ოფიციალური გერმანიის პოზიცია. როგორც ცნობილია, თავის დროზე სწორედ მაღალჩინოსანი გერმანელები ევროს ზონიდან რომელიმე ქვეყნის გასვლას სრულიად გამორიცხავდნენ. მათი აზრით, ამგვარი პრეცედენტის დაშვებას უმალ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვებოდა და გაჩნდებოდა შეკითხვა, ვინ არის შემდეგი. ახლა კი გერმანიის პოზიცია შეიცვალა და თვით კანცლერი და ბუნდესბანკირი საბერძნეთის ევროს ზონიდან შესაძლო გასვლას აღარ აპროტესტებენ და სრულიად მშვიდად საუბრობენ. ის ფაქტი, რომ სავალუტო კავშირის ლოკომოტივი – გერმანია ევროს ზონის პერსპექტივებს საბერძნეთის გარეშე ფაქტიურად შეურიგდა, მრავლისმეტყველი გახლავთ. თუ საბერძნეთი ევროს ზონას დატოვებს, ეს ქვეყანა მიიღებს სრულ კონტროლს საკუთარ ვალუტაზე და საპროცენტო პოლიტიკაზე. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ევროს იმიჯი შეილახება, ამ ნაბიჯს როგორც საბერძნეთის, ისე მთელი ევროპის ფინანსური სისტემისათვის ძლიერ მძიმე და არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. ანალიტიკოსთა აზრით, ახალი ბერძნული ვალუტა უმალ 60 პროცენტით გაუფასურდება, საპროცენტო განაკვეთები კი 7 პროცენტამდე გაიზრდება. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მოცულობა განახევრდება. თითოეულ ბერძენს ევროს ზონიდან გასვლა პირველ წელს 11,5 ათასი, ხოლო მეორე წელს 4 ათასი ევრო დაუჯდება. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბერძნეთში ძლიერ დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, რომელიც, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ, როგორც კი ევროს ზონას რომელიმე ქვეყანა დატოვებს, ზონის წევრი სხვა სახელმწიფოების საკრედიტო რეიტინგი გადაიხედება და, სავარაუდოდ, შემცირდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, საბერძნეთის გასვლა სავალუტო კავშირს შიდა პროდუქტის მოცულობის 2-5 პროცენტი, ანუ 235-780 მილიარდი ევრო დაუჯდება. თანაც, დანაკარგები უფრო ნაკლები იქნება, თუ ზონიდან საბერძნეთის გასვლა მართვადად განხორციელდება და არა სტიქიურად. აღნიშნულ სიტუაციაში, ანალიტიკოსთა აზრით, საბერძნეთის მიერ ევროს ზონიდან გაძევების, ან ნებით დატოვების შანსი 50 პროცენტის ფარგლებშია. პოლიტიკოსები კი თვლიან, რომ ქვეყანა რეფერენდუმის ზღურბლზე დგას, რომელიც გადაწყვიტავს, გავიდეს თუ არა საბერძნეთი სავალუტო კავშირიდან. სავარაუდოდ, ამგვარი რეფერენდუმი გასვლის მომხრეთა სასარგებლო შედეგით დასრულდება, რადგან ბერძნები ძალიან დაიღალნენ ევროსაგან და ეკონომიის რეჟიმისგან. ანუ, ვალუტა კი კარგია, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან ძვირი უჯდებათ. ევროპის ეკონომიკური სიტუაცია კი თანდათანობით სულ უფრო უარესდება. ევროს კურსი გამუდმებით ეცემა, რაც 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მართალია, ევროპის ეკონომიკამ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით ნულოვანი ზრდა აჩვენა და რეცესიას გადაურჩა, მაგრამ ეს გერმანიის ხარჯზე მოხდა, შიდა პროდუქტის მოცულობა 0,5 პროცენტით გაიზარდა. გასული წლის ბოლო კვარტალში კი, როგორც ცნობილია, ევროპის ეკონომიკა 0,3 პროცენტით შემცირდა. საინტერესოა, რომ ევროპის სიდიდით მეორე, საფრანგეთის ეკონომიკამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნულოვანი ზრდა აჩვენა. ძალიან ცუდ დღეშია ესპანეთი და იტალია, რომლებსაც დეფოლტს სულ უფრო ხშირად უწინასწარმეტყველებენ. იმავე საბერძნეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 6,2 პროცენტით შემცირდა. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ არსებობს ორი ევროპა, ერთი მხრივ გერმანია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ვითარდება და, მეორე მხრივ, დანარჩენი, პრობლემებით აღსავსე ევროპა.