ოლანდი ევროკავშირს უპირისპირდება

ოლანდი ევროკავშირს უპირისპირდება

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პირველი ინიციატიავა გააჟღერა და საყოველთაო ინტერესიც დაიმსახურა. კერძოდ, მან ევროპას მოუწოდა გადაიხედოს საერთოევროპული ფისკალური პაქტი, რომლის მიზანიც ევროს ზონის ქვეყნებში სახელმწიფო დავალიანების შემცირებაა. მისი აზრით, ევროკავშირი სასწრაფოდ უნდა გადავიდეს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მცდელობიდან ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკაზე. ოლანდის მოსაზრებას ბევრი ანალიტიკოსი იზიარებს, რომლებიც თვლიან, რომ არსებულ ვითარებაში მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარება მიზანშეუწონელია. აღნიშნული პოლიტიკა ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას და სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას. მიზანი ბიუჯეტის დეფიციტის, ანუ, დანახარჯების შემოსავალზე გადამეტების შემცირებაა. როგორც ცნობილია, ფინანსური კრიზისის შედეგად ევროპული ქვეყნების დავალიანებებმა მკვეთრად იმატა. რეცესიის პირობებში გვარიანად მოიკლო ბევრი კომპანიის შემოსავალმა, რასაც, ცხადია, მოჰყვა ბიუჯეტში გადასახადების შედინების შემცირება. ბევრ მთავრობას ადანაშაულებენ, რომ კეთილდღეობის წლებში ისინი ხელოვნურად ზრდიდნენ დანახარჯებს, შემდეგ კი, როცა ლიკვიდურობის კრიზისი დაიწყო, ძალიან ბევრი სახსრები მოახმარეს გასაჭირში ჩავარდნილი ბანკების ფინანსურ დახმარებას. შეიძლება ამიტომაც, ევროპელ პოლიტიკოსთა შორის გაჭიანურებული კრიზისის პირობებში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ერთადერთი ხსნა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარებაა. თავისთავად ცხადია, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა ძალიან არ მოსწონთ ამომრჩევლებს, რადგან იგი გულისხმობს სოციალური სფეროს დანახარჯების, სახელმწიფო სექტორში ხელფასების და პენსიების შემცირებას და საპენსიო ასაკის გაზრდას. ექსპერტები კი მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ იმიტომ ილაშქრებენ, რომ იგი ეკონომიკური ზრდის დათრგუნვას იწვევს. ამიტომაც, უკვე კარგა ხანია არაერთი ეკონომისტი მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების დაწყებისაკენ მოუწოდებს. ოლანდი კი პირველი ევროპელი ტოპ-პოლიტიკოსია, ვინს ამ მოწოდებებს შეუერთდა. სხვათა შორის, არსებობს მესამე ფრთაც, რომლის წარმომადგენლები მკაცრი ეკონომიის გარკვეული დოზით შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ურთიერთშერწყმას მოითხოვენ. რაც შეეხება ოლანდს, როგორც მოგახსენენთ, იგი მოუწოდებს გადაიხედოს ევროპული ფისკალური პაქტი და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დაიწყოს. ახალი პრეზიდენტის სიტყვას საქმეც ახლავს, იგი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე საფრანგეთში 150 ათას სამუშაო ადგილს შექმის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ოლანდი აპირებს გაატაროს ე.წ. დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა, ანუ, მარტივად რომ ვთვათ, მდიდრებისათვის მაღალი გადასახადები შეინარჩუნოს, ღარიბებისათვის კი შეამციროს. გამოდის, რომ საფრანგეთში ეკონომიის პოლიტიკა სწორედ ჯიბესქელთათვის იმოქმედებს. მოგეხსენებათ, ევროპულ ფისკალურ პაქტს ხელი 27-დან 25-მა ქვეყანამ მოაწერა და ახლი იგი ნაციონალურ პარლამენტებში რატიფიკაციას გადის. მისი ძირითადი მიზანია ბაზრები დაარწმუნოს, რომ ამიერიდან სახელმწიფო დანახარჯები უფრო დაბალანსებული იქნება. ოლანდის მოწოდება კი ბევრმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის გეგმების, რომელთა მიზანია ბიუჯეტის სტაბილიზაცია, წინააღმდეგ გამოთქმულ პირდაპირ ბრალდებად აღიქვა. მაგალითად, გერმანიამ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ფისკლური პაქტის გადახედვას. თუმცა, ამასთან, ისიც აღინიშნა, რომ გერმანია ეკონომიკის სტიმულირების წინააღმდეგი არ არის, ოღონდ, არა დანახარჯების გაზრდით, არამედ სტრუქტურული რეფორმების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსთა უმრავლესობა გერმანულ ინიციატივას ირონიით შეხვდა. ისინი აცხადებენ, რომ სტრუქტურული რეფორმები კი კარგია, მაგრამ არა ახლა, მწვავე კრიზისისას. რაც შეეხება ოლანდს, მის შესახებ დიდი მოწონებით აღნიშნეს, რომ საფრანგეთმა და ევროპამ ერთობ საინტერესო ეკონომიკური შეხედულებების მქონე სოციალისტი ლიდერი მიიღო.