აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის თომას მელიას განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთა შორის პარნიორობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ რამდენად ხელსაყრელი და სასარგებლოა სტრატეგიული პარტნიორობა ქართველებისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება და ჯანდაცვა. განსაკუთრებით ყურადღება მიექცა განათლების სფეროს და ეს იქნება ურთიერთობების საკმაოდ დიდი კომპონენტი“, -აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამებმა მოიცვას ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, როგორ შეიძლება მათაც მიიღონ სარგებელი ამ შესაძლებლობიდან.
"მოგეხსენებათ, რომ ამერიკის დახმარების ბიუჯეტი საქართველოსადმი გაიზარდა როგორც გასულ წელს, ისე მიმდინარე წელს. ეს კი წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობით უკეთესი მომავლისათვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თომას მელიამ.