სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის, თუნდაც ეს იყოს ცილისწამება, კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მენაბდე მიიჩნევს, რომ ცილისწამებისთვის არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები და იმ პირს, ვინც ცილს დასწამებს სხვა პირს, უწევს იმავე საშუალებებით ფაქტების უარყოფა, რომლითაც გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, ასევე, ზიანის ანაზღაურება, ხოლო სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება არაპროპორციულად მძიმე პასუხისმგებლობა იქნებოდა.
„ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას ცილისწამებისთის, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურია, ხოლო სისხლის სამართლებრივი მსჯავრდება მსგავს შემთხვევაში, იქნება მომეტებული პასუხიმსგებლობა, რომელიც დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არ აისახება პოზიტიურად დემოკრატიის სტანდარტებზე“, - განაცხადა მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, განიხილოს „საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანი შესახებ“. აღნიშნული ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადობას ითვალისწინებს.