პირადად დავინტერესდები, რა რეაგირება მოხდა ტელეკომპანია ”იბერიას” ჟურნალისტის განცხადებაზე

პირადად დავინტერესდები, რა რეაგირება მოხდა ტელეკომპანია ”იბერიას” ჟურნალისტის განცხადებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ის პირადად დაინტერესდება და მიაქცევს ყურადღებას, თუ რა რეაგირება მოხდა ტელეკომპანია ”იბერიას” ჟურნალისტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა სცემეს.

ბესელია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

”არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ აუცილებლად მოვიკითხავ და მივაქცევ ყურადღებას. უნდა მოხდეს სწრაფი რეაგირება, ამიტომ მეც დავინტერესდები და მოვიკითხავ დაიწყო თუ არა გამოძიება, რათა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული არ არის საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილიც, თუმცა, მისივე თქმით, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

ტელეკომპანია "იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.