ახალი ქართული ფილმის - „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრემიერა დღეს გაიმართება

ახალი ქართული ფილმის - „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრემიერა დღეს გაიმართება

კინოთეატრ „ამირანში“ დღეს ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის - „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ პრემიერა გაიმართება. სრულმეტრაჟიანი სურათი საქართველოს მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე, საერთაშორისო ფონდთან - „და იქმნა ნათელი“ ერთად შეიქმნა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ფილმის მთავარი თემა - ქართულ-აფხაზური კონფლიქტია. 

„მტერი ჩემი - ძმა ჩემი“, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ლევან ანჯაფარიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარია. აფხაზეთის ომის მონაწილე ხელოვანი შეეცადა წლების განმავლობაში დაგროვილი სათქმელი ფილმის საშუალებით გადმოეცა. კინოსურათი გვიამბობს ძმათამკვლელი ომის შესახებ, თუმცა მოქმედება ბატალური სცენების გარეშე ვითარდება. ფილმში მოთხრობილია კონფლიქტის მიმართ სრულიად გულგრილი დურგლის ამბავი, რომელიც ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბრძოლაში ჩაერთვება; ასევე ბედის უკუღმართობით ერთ გამოქვაბულში მოხვედრილი ქართველი და აფხაზი მებრძოლების ისტორია და მათი შემდგომი ურთიერთობა, რომელიც მთელი ფილმის სიუჟეტს განსაზღვრავს; კავკასიის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის მიზანიც ძმათამკვლელი ომის შეჩერებაა, რაც საბოლოოდ განუხორციელებელი რჩება”, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

„იმ ჯოჯოხეთში, რასაც ომი ჰქვია, ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ ჩადენილ ადამიანურ საქციელს ვეძებდი, რაც ყოველგვარ მტრობაზე მაღლა დგას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს მომავალ ურთიერთობას“, - განაცხადა საკუთარი ფილმის შესახებ ლევან ანჯაფარიძემ. 
ფილმში „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“ მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი, ზურა სულხანიშვილი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტატო ჩახუნაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიორგი ბურჯანაძე და სხვ. სცენარის ავტორები - ლევან ანჯაფარიძე და ზაურ კალანდია; მხატვარი - გია ლაფერაძე, კომპოზიტორი - კაკო ვაშალომიძე, დამდგმელი ოპერატორი - ბაქარ შარაშენიძე. ფილმში გამოყენებულია დათო ოძელაშვილის კომპოზიცია. 
ფილმის პროდიუსერის, ლელა მაქაცარიას თქმით, ლევან ანჯაფარიძის ნამუშევრის წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე „მტერი ჩემი - ძმა ჩემის“ პროდიუსერისა და კინორეჟისორისათვის პრიორიტეტს ფილმის აფხაზებისთვის ჩვენება წარმოადგენს, რის გამოც ფონდმა „და იქმნა ნათელი“ ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. დღეისათვის ფილმის აფხაზურ ენაზე გახმოვანება მიმდინარეობს. საპროდიუსერო და შემოქმედებითი ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ 2017 წელს, სახალხო დიპლომატიისა და სახელმწიფოს დახმარებით პრემიერა სოხუმშიც გაიმართება.