საწვავის გაიაფების უფლებას მენავთობეებს ხელისუფლება არ აძლევს

საწვავის გაიაფების უფლებას მენავთობეებს ხელისუფლება არ აძლევს

თვე-ნახევრის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი 238 დოლარით შემცირა. საქართველოში კი ბენზინისა და დიზელის გაიაფებას საშველი არ ადგას. რეალურად დღეს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი მინიმუმ 15-20 თეთრით იაფი უნდა ღირდეს. ამჯერად ნავთობიმპორტიორები საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების მიზეზად ძვირიან მარაგს ასახელებენ. სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ ნავთობიმპორტიორები ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არიან, რათა ყოველი გაყიდული 1 ლიტრი საწვავიდან გარკვეული თანხა ხელისუფლების წინასაარჩევნო ქისაში ჩარიცხონ.

საერთაშორისო ბირჟაზე 1 ბარელის ფასი 109 დოლარია. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი კი ("პლატცის" მიხედვით) 989,75 დოლარია, საქართველოს საცალო ბაზარზე საწვავის ღირებულება სწორედ ამ მაჩვენებელზეა მიბმული. 4 აპრილის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი 238 დოლარით შემცირდა. რაც შეეხება დიზელს, ამჟამად 1 ტონა დიზელი 926 დოლარი ღირს.

ასე რომ, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ღირებულების შემცირება თვალშისაცემია, თუმცა ეს ტენდენცია არ აისახება საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემის შემდეგ საქართველოში საწვავი თვე-ნახევრის შემდეგაც კი არც ერთი თეთრით არ იაფდება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოში საწვავის ფასის შემცირებას ხელი შეუშალა აპრილიში მაღალ ფასში განხორციელებულმა საწვავის იმპორტის დიდმა მაჩვენებელმა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, აპრილში 70 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტია დაფიქსირებული. მათ შორის, ბენზინი - 29 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავი - 41 ათასი ტონა.

"საწვავის იმპორტის ეს მაჩვენებელი მარტის მაჩვენებელს 18 ათასი ტონით აღემატება. რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს საწვავზე "პლატცის" მიხედვით, ისინი აპრილში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე იდგა. კერძოდ, 92 ოქტანობის "რეგულარის" მარკის ბენზინის ფასი მერყეობდა 1115-1227 დოლარის ფარგლებში, დ-62 დიზელისა - 992-1032 დოლარის ფარგლებში, ხოლო ევროდიზელისა - 1001-1050 დოლარის ფარგლებში. მაისში საერთაშორისო ფასები საწვავზე შემცირებულია, რაც არის იმის წინაპირობა, რომ უახლოეს დღეებში ჩვენთან საწვავის ფასი საცალო ქსელში დაიკლებს", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ძვირადღირებული საწვავის მარაგებზე საუბრობს "რომპეტროლის" კომერციული დირექტორი თენგიზ ჭიჭინაძეც. მისი თქმით, "რომპეტროლმა" საწვავის იმპორტი განახორციელა მაშინ, როდესაც 1 ტონა საწვავის საერთაშორისო ფასი 1207 ლარი იყო. ამჯერად რომპეტროლს 4 ათასი ტონა ევრორეგულარის ტიპის ბენზინის მარაგი აქვს, შესაბამისად ჭიჭინაძის თქმით, ძვირადღირებული მარაგებია საწვავის გაუიაფებლობის მიზეზი.

"საწვავზე მაღალი ფასი ჩვენც გვაწუხებს, თუმცა შემოტანილი გვაქვს 1207-დოლარიანი საწვავი. 4 ათასი ტონა ევრორეგულარის ბენზინის მარაგი გვაქვს. თუ ჩვენი რომელიმე კონკურენტი, რომელსაც ძვირიანი მარაგი ამოეწურა, ახალ პარტიას შემოიტანს და ბენზინს გააიაფებს იძულებულები ვიქნებით ჩვენც დავწიოთ ფასი. ეს არის ბაზრის პრინციპი. დიზელი 5 თეთრით უკვე გავაიაფეთ", - ამბობს თენგიზ ჭიჭინაძე.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, მიმდინარე კვირაში ფასის კორექტირება არ იგიგმება. კომპანია ახალ იმპორტს მომავალ კვირას ელოდება და ზუსტი ინფორმაცია ფასების ცვლილებასთან აკავშირებით შემდეგ იქნება ცნობილი.

"მიმდინარე კვირაში ფასის კორექტირება არ მოხდება. მომავალ კვირას ახალ იმპორტს ველოდებით, შესაბამისად, ამ მიმართულებით ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის გვექნება", - ამბობს ვასილ ხორავა.

კომპანია "გალფ-ჯორჯიას" ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ ქათამაძის განცხადებით, საწვავი თვის ბოლოსთვის გაიფდება, ამ ეტაპზე ძვირიანი ნაშთებია შემორჩენილი. "ნამდვილად იგეგმება გაიაფება. ძვირიანი პროდუქტი გვაქვს შემორჩენილი, ცოტ-ცოტა იაფიანი საწვავი შემოვიტანეთ, რომ ფასები დაგვებალანსებინა, თორემ საცალო ქსელში საწვავი უფრო ძვირი იქნებდა. სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის გაიაფდება", - ამბობს ოთარ ქათამაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 989 დოლარია. "რეზონანსის" გათვლებით, ამ დროისთვის 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება დაახლოებით 1,71 ლარია.

მაგალითად, თუ 1 ტონა ბენზინის ღირებულებას 990 დოლარის არსებულ ლარის კურსზე 1,63-ზე გავამრავლებთ მივიღებთ, რომ 1 ტონა ბენზინი 1613 ლარი ღირს. ამას ემატება დღგ - 290,3 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება 80 ლარი და, საბოლოო ჯამში, კომპანიებს 1 ტონა ბენზინის შესყიდვისას 2233 ლარის ხარჯის გაწევა უწევთ, თუ ამ მაჩვენებელს 1300 ლიტრზე გავყოფთ (1 ტონა ბენზინის მოცულობა) 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება დაახლოებით 1,71 ლარია. ფაქტობრივად, თვითღირებულებასა და ყველაზე იაფიანი აზერბაიჯანული "რეგულარის" სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა 54 თეთრია.

რაც შეეხება დიზელს, 17 მაისის მდგომარეობით, 1 ტონა დიზელი 926 დოლარი ღირს, იგივე გაანგარიშებით, საბოლოო ჯამში 1 ტონა დიზელი 2110 ლარი ღირს, ეს მაჩვენებელი 1160 ლიტრზე (1 ტონა დიზელის მოცულობა) გავყოთ და მივიღებთ, რომ 1 ლიტრი დიზელის თვითღირებულება, დაახლოებით 1,82 ლარია. შესაბამისად, საბითუმო და სარეალიზაციო დიზელის ფასს შორის სხვაობა 48 თეთრია. აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ასეთი მაღალი მარჟა არასოდროს ჰქონიათ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საწვავზე ისტორიულად მაღალი ფასი არჩევნების წინა პერიოდს უკავშირდება, ვინაიდან ნავთობიმპორტიორებთან დაახლოებული ხელისუფლებას, ამ ბიზნესიდან არალეგალურად გაცილებით მეტი ფული მიაქვს.

"ფაქტია, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი საქართველოში საწვავზე ხელოვნურად წარმოქმნილ ფასს არ აპროტესტებს. მათი დუმილის მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული მაღალი ფასიდან საკმაო ნაწილი მათაც ერგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალური ხელისუფლება კომპანიების ასეთ თავგასულობას ვერ შეეგუებოდა, მაგალითად ისე როგორც ხდება ევროპის ქვეყნებში", - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

აფბა-ს გამგეობის წევრს, მერაბ ჯანაშვილს უკვირს, კომპანიებს მაინც და მაინც ძვირიანი მარაგები რატომ შემორჩებათ ხოლმე. "ხომ შეიძლება ერთხელ იაფიანი ნაშთიც ჰქონდეთ და როდესაც მსოფლიო ბირჟებზე საწვავი ძვირდება, საქართველოში უს პროცესი 10-დღიან ინტერვალში არ აისახოს. თუ კომპანიების წარმომადგენლებს ასე ძალიან ადარდებთ საწვავზე მაღალი ფასი, მაშინ გააიაფონ. ყველა კომპანიას ერთი და იგივე მარაგი ხომ არ ექნებოდა, ხომ შეიძლებოდა, რომ ბაზარზე 2 კომპნაიას მაინც შეემცირებინა ფასი. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ჩინოვნიკებს კომპანიებიდან უფრო დიდი წილი მიაქვთ, ვიდრე ადრე", - ამბობს მერაბ ჯანაშვილი.