“ატსტუპნიკების” პროტესტი: უარი არჩევნებს, უარი მოქალაქეობას!

“ატსტუპნიკების” პროტესტი: უარი არჩევნებს, უარი მოქალაქეობას!

ბინათმოსარგებლები და დევნილთა ერთი კატეგორია არჩევნების ბოიკოტირებით და მოქალაქეობაზე უარის თქმით იმუქრება. როგორც ჩანს, შარშან წლის ბოლოს ნაჩქარევად მიღებულმა კანონმა მათი მდგომარეობა ვერაფრით გააუმჯობესა.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან პარტია “მომავალი საქართველოს” ორგანიზებით ბინათმოსარგებლეების (ე.წ.ატსტუპნიკების) და აფხაზეთიდან დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა. “ატსტუპნიკები” ხელისუფლებისაგან საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვდნენ, რომლებსაც დევნილებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული შემდეგი შინაარსის პლაკატები: “იყავით ობიექტურნი. დაიცავით ატსტუპნიკების უფლებები!”, “გირჩევთ კეთილგონივრული ნაბიჯის გადადგმას და ჩვენივე ბინების დაკანონებას!”, “დაგვიკანონეთ ჩვენი საკუთრება!”

როგორც პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, ბინათმოსარგებლეები იმ ფართების დაკანონებას მოითხოვენ, რომლებშიც წლების განმავლობაში თანხა უკვე გადახდილი აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოახლოებული არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ. ბევრი კი საქართველოს მოქალქეობაზეც იტყვის უარს.

“მარტო დედაქალაქში 40 000 ატსტუპნიკი ცხოვრობს და ეს სერიოზული რიცხვია. რაც შეეხებათ დევნილებს, აფხაზეთის დაკარგვიდან დღემდე ბევრ ოჯახს კომპენსაცია დღემდე არ აუღია და საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ მათი მდგომარეობა, ფაქტობრივად, “ატსტუპნიკებისას” წააგავს.

ეს აქციები უკვე 5 თვეა, მიმდინარეობს. შედეგად,ხელისუფლებას კანონით დადგენილი ის ვადა გავაუქმებინეთ, რომლის მიხედვითაც, ბინათმოსარგებლეები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ქუჩაში უნდა აღმოჩენილიყვნენ”, - აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.

თბილისის მერიის მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ბინათმოსარგებლეებს 2012 წლის იანვრის დადგომისთანავე ბინიდან აღარ გამოაძევებენ. მართალია, კანონპროექტი ერთობ ბუნდოვანია, მაგრამ ერთი რამ მაინც იკითხება- საერთოდ უქმდება დავის გადაჭრის ვადა და ბინათმოსარგებლეს შესაძლებლობა ეძლევა იცხოვროს სახლში, ვიდრე ფართის საკუთრების საკითხი რომელიმე მხარის სასარგებლოდ არ გადაწყდება.

მხარეთა უფლებები წესით და რიგით “თბილისელების ადვოკატის”კვალიფიციურმა იურისტებმა ქალაქის ყველა უბანში უფასოდ უნდა დაიცვან. ასევე მხარეები სასამართლოში გათავისუფლებულნი იქნებიან ბაჟის გადასახდისგან.

როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში, საბჭოთა წყობის დროს, შეზღუდული იყო კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვის უფლება და შესაბამისად მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის ხშირად ფორმდებოდა ე.წ. “შინაურული ხელშეკრულებები”. ამ ტიპის ხელშეკრულებები არ შეესაბამებოდა მოქმედ სამართლებრივ ნორმებს.შესაბამისად საკუთრების გასხვისება კანონით დადგენილი წესით არ ფორმდებოდა, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, რომლების სამართლებრივად მათ საკუთრებას არ წარმოადგენს. ეს კი ბევრი თბილისელის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

როგორც ჩანს, “ატსტუპნიკების” საკითხი კანონის მიღების ფარგლებს არ გასცილებია. ბინათმოსარგეებლეები კი გრძნობენ, რომ თუ ამ ხელისუფლებისაგან რაიმეს გამორჩენა არის შესაძლებელი, ეს წელს უნდა მოხდეს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარსა ამომდგარი. ამიტომაც ისინი თავს არ ზოგავენ, რომ მთავრობას მუდმივად შეახსენონ პრობლემის სიმწვავე.

ბინათმოსარგებლე მაია გოგელიძე აცხადებს, რომ წინაპრების მიერ ნაყიდი ბინების დაკანონების სანაცვლოდ ხელისუფლება მათგან საცხოვრებლის საერთო ღირებულების 25 პროცენტის გადახდას ითხოვს,რაც უკანონობაა.

“არცერთი თეთრის გადახდას არ ვაპირებთ იმ ბინებში, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა 80-100 წლის წინათ იყიდეს, მით უმეტეს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას პენსიონერები და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები შეადგენენ. ეს ბინები ერთხელ უკვე ნაყიდია. ბინათმოსარგებლეების პრობლემები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში მოგვარდა და რატომ ანიჭებენ საქართველოში ბინის მესაკუთრეებს ასეთ უფლებებს?” - აღნიშნა მაია გოგელიძემ. რიგ შემთხვევებში კი ფინანსურ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მესაკუთრეებს ეს ფართი იპოთეკით აქვთ დატვირთული.

როგორც სააგენტო “მედიანიუსს” სოხუმიუდან დევნილმა ელისო ნაჭყებიამ განუცხადა, დევნილობის 20-წლიანი პერიოდის განმავლობაში მის ოჯახს “ერთი ოთახიც” კი არ დაუკანონეს.

“10 წლის განმავლობაში ქირით ვცხოვრობდი. ახლა კი ოთხი ოჯახი ნათესავთან ვცხოვრობთ. არც კუთვნილი კომპენსაცია აგვიღია.რაც დახმარების თხოვნით ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში წერილები მიგზავნია, ვერავინ დათვლის, მაგრამ მთავრობა და პრეზიდენტი ყრუ-მუნჯები არიან”, - აღნიშნა ელისო ნაჭყებიამ.

“ატსტუპნიკები” და აფხაზეთიდან დევნილები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ.