რუსეთი “საქართველოს რკინიგზის” აქციებს ხელიდან არაფრით გაუშვებს

რუსეთი “საქართველოს რკინიგზის” აქციებს ხელიდან არაფრით გაუშვებს

ერთი წლის დაგვიანებით “საქართველოს რკინიგზის” აქციები ლონდონის ბირჟაზე მაინც მოხვდა. რუსეთი ამ მომენტს კარგა ხანია ელოდება. ტრანსკავკასიური რკინიგზის საქართველომ მონაკვეთის ხელში ჩაგდება, კრემლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

რკინიგზის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას მითქმა-მოთქმა არც ადრე დაკლებია და არც ახლა. ამიტომაც მთავრობის წევრებს წამდაუწუმ უწევთ განმარტებების გაკეთება:

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აქამდეც არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობა საფონდო ბირჟებზე საქართველოს სახელმწიფო კომპანიების აქციების არასაკონტროლო პაკეტის განთავსებას გეგმავს. ამ დროისთვის მთავრობა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას აწარმოებს, რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით, “საქართველოს რკინიგზის” არასაკონტროლო პაკეტის განსათავსებლად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმება. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გაცნობებთ, რომ “საქართველოს რკინიგზის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება. ასევე კომპანიის მართვის საკითხში არსებითად არაფერი იცვლება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა მსხვილი კომპანიების აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების საკითხს ჯერ კიდევ შარშან განიხილავდა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, მთავრობამ საერთაშორისო ბირჟებზე შექმნილი ვითარების გამო, გეგმები შეცვალა და ბირჟებზე მინოტარული აქციების გატანა გადადო.

2012 წლის აპრილში ხელისუფლება მსხვილი კომპანიების ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების საკითხს კვლავ მიუბრუნდა.

“საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მსხვილი კომპნიების აქციების გატანას არ ჩქარობდა, რადგანაც ბირჟებზე საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით ვითარება შეცვლილია და საქართველოს მთავრობა კონტრაქტორ საერთაშორისო ბანკებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. 

ამ დროისათვის განიხილება ან ევრობონდების გამოშვება ან მსხვილი კომპანიების მინოტარული აქციათა პაკეტის გასხვისება.  საუბარია გაზისა და ნავთობის კორპორაციაზე, საქართველოს რკინიგზაზე და სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებზე”, - განაცხადა გილაურმა 12 აპრილის მთავრობის სხდომაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ მინოტარული პაკეტები გასხვისდება, საწარმოთა მენეჯმენტი კი ისევ სახელმწიფოს დარჩება.

სააგენტო “როიტერმა” კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გუშინ “საქართველოს რკინიგზის” აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტოს ცნობით, კომპანია 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. აქციების პირველადი განთავსების შედეგად მთავრობამ, შესაძლოა, 250 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს.

“როიტერის” ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” აქციების პირველადი განთავსებისას, აქციების 25% გაიყიდება. განცხადება აქციების პირველად განთავსებაში მონაწილეობაზე 23 მაისამდე მიიღება, ხოლო განთავსება 24 მაისს მოხდება.

ექსპერტი ლადო პაპავა მთავრობას, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, აქციების გაყიდვის თავშეკავებისკენ მოუწოდებს.  ექსპერტის განცხადებით, “საქართველოს რკინიგზას” სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველყოფის ინსტრუმენტის ფუნქცია რომ არ ჰქონდეს და არ არსებობდეს რუსეთის საფრთხე, რომელიც აქტივების დასაკუთრებას ცდილობს, მაშინ ლონდონის ბირჟაზე რკინიგზის აქციების განთავსებას დადებითად შეხედავდა.

“დღეს კი ეს საერთოდ საფრთხის შემცვლელია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის რკინიგზამ, ორი წლის წინათ შეიძინა სომხეთის რკინიგზის პაკეტი, რომელსაც სახელი შეუცვალა და “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა დაარქვა”. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს ამბიცია, აკონტროლოს არა მარტო სომხეთის რკინიგზის მონაკვეთი, არამედ სრულიად კავკასიის, რაც, პირველ რიგში, საქართველოზე გადის”, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პაპავას პროგნოზით, პირველადი განთავსების შემთხვევაში, შეიძლება, რუსეთის რკინიგზამ აქციების რაღაც ნაწილი შეისყიდოს, რადგან ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ამ პროცესით, მაგრამ შემდეგ გაიმართება აქციებით ვაჭრობა და რუსეთს შეუძლია თავისი ბროკერებისა და დილერების მეშვეობით დამატებით კიდევ შეისყიდოს აქციები.

“ასე რომ, როცა გყავს აშკარად გამოკვეთილი მტერი, რომელიც არ მალავს თავის მიზნებს და მეორეს მხრივ, ეს ობიექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მისი პრივატიზაცია გამართლებული არ არის”, - აღნიშნა ექსპერტმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

“სომხეთის რკინიგზის” საკონტროლო პაკეტს რუსეთის რკინიგზა ფლობს. 30 წლის განმავლობაში რუსულმა მხარემ სომხური რკინიგზის განვითარებაში 570 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს, ხოლო ინვესტიციამ 2 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს. ამ რაოდენობის ინვესტიციის გაზრდა კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ აფხაზეთზე გამავალი რუსულ-ქართული რკინიგზა გაიხსნება.