ყადაღადადებული ქონების გასაჭირი

ყადაღადადებული ქონების გასაჭირი


პარლამენტი აქტიურად განაგრძობს მუშაობს ეკონომიკის მინისტრის უფლებების გაზრდისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ინიციატივა დარეგისტრირდა. მართალია, ამ ინიციატივების დიდი ნაწილი ჯერ მიღებული არ არის და განხილვის პროცესშია, მაგრამ ეს იურიდიულ კომიტეტს ხელს არ უშლის, რომ ჯერაც მიუღებელ საკითხებში უკვე ცვლილებები შეიტანოს.


საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების - ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას, კახა ანჯაფარიძის და ჩიორა თაქთაქიშვილის საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს. ამ ცვლილებებიდან კი ერთ-ერთი ეხება ყადაღადადებული ქონების განკარგვის საკითხს.


 


ამ ცვლილების თანახმად, „საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ“.


 


ეს კი, ლაშა თორდიას განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ყადაღადადებული ქონების ახალი მფლობელი აღარ იქნება იმ ვალდებულებებით დატვირთული, რაც ამ ქონების ძველ მფლობელს გააჩნდა.  ეს, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგი იდეაც იყოს თუნდაც იმ ლოგიკით, რომ ქონების ახალი პატრონი ძველის ვალდებულებებით არ შეიძლება დაიტვირთოს. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის წინაპირობები, რაც ამ ინიციატივას წინ უძღოდა.


 


სულ ერთი კვირის წინ ამავე ოთხეულმა დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შეეძლება, მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის გადაწყვეტილებით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად საგადასახადო სამსახურს პრიორიტეტი ჩამოერთვა იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციისას.


 


ცვლილების შეტანამდე ასეთი ქონების რეალიზაციისას პრიორიტეტი ენიჭებოდა საგადასახადო ორგანოებს და, თუკი საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემდეგ დარჩებოდა თანხა, შემდეგ ხდებოდა კერძო ბანკების თუ კერძო პირების დავალიანების გასტუმრება.


 


განხორციელებული ცვლილების თანახმად კი, საგადასახადო ორგანოებს ეს პრიორიტეტი ჩამოერთვა და უპირატესობა რიგითობას მიენიჭა. ცხადია, მაშინ ხელისუფლების არგუმენტი გასაგები იყო, რომ კერძო სექტორის ინტერესი არ დაზარალებულიყო.


 


ახლა ეს პრინციპიც იცვლება და საგადასახადო ორგანოს შეეძლება, მოვალეს ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მოსთხოვოს. ეს ქონება კი პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავა და მას მინისტრი საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგავს.


 


ამას უკვე ისიც დაემატა, რომ ეს ქონება სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი ვალდებულებებისგან გათავისუფლდება და მისი ძველი მფლობელი, ერთის მხრივ, ამ ქონების გარეშე და, მეორეს მხრივ, ისევ ვალდებულებებით დატვირთული დარჩება.


 


სწორედ ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ამ იდეას საგანგეშოდ მიიჩნევს. მისი თქმით, აქამდე არსებული ინიციატივები ადამიანებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში აგდებდა და „ეს ამ მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს“.


 


„როგორც მახსოვს, სწორედ თქვენთან საუბრისას ვთქვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ აგვისტოს ომის დროს რაღაც გადასახადი ვერ გადაიხადა და მერე ბიზნესი ჩაუვარდა. ეს ინიციატივები კი ხელისუფლებამ სწორედ იმისთვის მოიფიქრა, რომ ამ ადამიანებისგან ფული რამენაირად ამოეღოთ, ვინაიდან მათ ფული აღარა აქვთ, ვეღარ მუშაობენ და სესხებს ვეღარ იხდიან. ერთის მხრივ სააკაშვილის სასამართლო მის ქონებას ყადაღას დაადებს და შემდეგ საგადასახადო მოსთხოვს, რომ პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს გადაულოცოს.


ამაზე უარესი კი ახლა მოუფიქრებიათ, რომ ამ ქონებას ძველი ვალდებულებები არ გადაყვება. ეს გასაგებია, რომ არ უნდა გადაყვეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ქონება პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს კი არ უნდა გადაეცეს, არამედ გაიყიდოს და უნდა ეკონომიკის სამინისტრომ იყიდოს და უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ოღონდ ფასი და ვაჭრობა უნდა იყოს რეალური და ამ ადამიანის დავალიანების დაფარვას მოხმარდეს. ამ ინიციატივების ერთობლიობით კი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დავალიანება, ძირითადად,  წვრილ და საშუალო ბიზნესს გააჩნია და მაინტერესებს, ეს არის ბიზნესის ხელის შეწყობა?“- კითხულობს ცაგარეიშვილი.