კომისია მუშაობას შეუდგება წლის ბოლომდე და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს შეიმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქით, გუშინ ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ.
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც შეიქმნა სამი წლის წინ.
კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში შევლენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა.
„გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით - ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე იმართება მოლაპარაკებები ჩვენ უცხოელ მეგობრებთან“
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვანიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.
ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, დადგენილების პროექტის თანახმად, კომისია მუშაობას შეუდგება წლის ბოლომდე და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს შეიმუშავებს მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები.