თბილისის ეროვნულ პარკში დღეს ბრაკონიერმა რეინჯერს ესროლა. საპასუხო გასროლა რეინჯერმაც განახორციელა. აღნიშნული ინფორმაცია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსისთვის” გახდა ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით გადაცემის წამყვანმა კომენტარი სთხოვა გადაცემაში სტუმრად მყოფ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, რომელმაც შემთხვევის დეტალებზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
”თბილისის ეროვნულ პარკში, იმის გამო, რომ ჩვენი რეინჯერები კარგად მუშაობენ, საკმაოდ მომრავლდა ფაუნა, მათ შორის შველი. არ ველოდებოდით, საამაყოდ მიგვაჩნია, გამოჩნდა ირემიც. ფაუნის გამრავლებას მოჰყვა ბრაკონიერების გამრავლება. სამწუხაროდ, ბრაკონიერები საქართველოში ბევრნი არიან. არიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე, შეიძლება ითქვას, ყველაფერს კადრულობენ. სამწუხაროდ, ვერ ვუდარაჯებთ, ყოველ ნაბიჯს ვერ ვუსაფრდებით და ეს არის რეალობა. ამ შემთხვევაში, როგორც მე ვარ ინფორმირებული, შველზე ნადირობდნენ. ჩვენი თანამშრომლები მათ გადააწყდნენ, იყო სროლა ბრაკონიერების მხრიდან, როგორც ვარ ინფორმირებული. გამოძიება მიდის ამ პროცესზე. შემდეგ იყო ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა ჩვენი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი, ხოლო როცა უკვე ბრაკონიერმა ისროლა მისი მისამართით, საპასუხო გასროლით, დაიჭრა, როგორც ვიცი. რბილ ქსოვილებში გაიარა ტყვიამ. შემდეგ უკვე ორი ბრაკონიერი გაიქცა. ჯერ არ ვიცი, შეძლეს თუ არა მათი დაკავება. ხოლო დაჭრილი ბრაკონიერი და ჩვენი თანამშრომელი პოლიციაში მიიყვანეს და პროკურატურაში სათანადო ღონისძიებები ტარდება. ვწუხვარ, რომ ასეთი ფაქტები (არა ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ ხანდახან სხვადასხვა ფორმით) ლაგოდეხის რაიონში, ბორჯომის რაიონში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების პროცესში, ნადირობის დროს, სახელმწიფო ქონების დაზიანების, თავდასხმის, მუქარის ძალიან ბევრი შემთხვევაა”, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა კანონდამრღვევ მოქალაქეებს მიმართა.”მე მინდა გავაფრთხილო ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან კანონმორჩილები და მოქალაქეები, რომლებიც ბრაკონიერობენ, ან უკანონოდ მოიპოვებენ რაიმე რესურსს, ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას, ჩვენ არ დავიხევთ უკან, რადგან რასაც ჩვენ ვიცავთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენთან ერთად ის ეკუთვნის ჩვენს მომავალს და ჩვენს მომავალს შევუნარჩუნებთ”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.