პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა, ევროკავშირის ლიდერების მხარდამჭერმა განცხადებებმა კიდევ უფრო დააჩქარა გადაწყვეტილება, რაც LIBE-ე კომიტეტმა მიიღო

პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა, ევროკავშირის ლიდერების მხარდამჭერმა განცხადებებმა კიდევ უფრო დააჩქარა გადაწყვეტილება, რაც LIBE-ე კომიტეტმა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტმა,  ევროკავშირის ლიდერების მხარდამჭერმა განცხადებებმა კიდევ უფრო დააჩქარა ის გადაწყვეტილება, რაც დღეს LIBE-ე კომიტეტმა მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა გადაცემა 2030-ში, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ახლახან ბრიუსელში იმყოფებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტმა და მნიშვნელოვანმა განცხადებებმა, კიდევ უფრო დააჩქარა ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. მიღებულია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, დარჩენილია პროცედურული საკითხი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც პოზიტიურად, მალე გადაწყდება. თუმცა, პოლიტიკური დატვირთვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, კიდევ უფრო განვითარებისთვის“,-აღნიშნა ქაცარავამ. 

კითხვაზე, ვიზალიბერალიზაცია რამდენად მოახდენს გავლენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე და რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნეს ამ მხრივ რუსული პროპაგანდა, ქაცარავა აღნიშნა:   

"ეს არ არის საქართველოში არსებული პრობლემა მხოლოდ, ეს არის დასავლეთში არსებული პრობლემაც. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ. არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელებულა ამ მხრივ შესაბამისი სამინისტროების მიერ. კონკრეტულად ვსაუბრობ ევროინტეგრაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე. თავად წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ზუსტად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სწორი ინფორმაცია, რის შედეგადაც მერე ისინი იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ სწორად შეაფასონ მოვლენები. შესაბამისად, ახლა, როგორც პარლამენტის წევრი, დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ექნება ძალიან დიდი როლი ამაში“

ქაცარავას თქმით, მაქსიმალურად კოორდინირებული თანამშრომლობა იქნება მთავრობასთან.

„მაქსიმალურად ვეცადებით, დავფაროთ მთელი საქართველო, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ჩვენს დასავლურ კურსზე, საგარეო პოლიტიკისა და ჩვენი პრიორიტეტების შესახებ.  ზოგჯერ ჩვენი მოქალაქეების მიერ საგარეო პოლიტიკის აღქმა სწორია, თუმცა მათი უფრო მეტი ინფორმირებაც შეიძლება. როდესაც ქვეყანას აქვს სწორი საგარეო პოლიტიკა, ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. როდესაც ქვეყანაში არის სტაბილურობა, შემდეგ არის უკვე ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა აი, ამ მესიჯების ირგვლივ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა“,-აღნიშნა სოფო ქაცარავამ.