“ხუდონჰესის” პროექტს მთავრობა თანდათან თვითონაც ემშვიდობება

“ხუდონჰესის” პროექტს მთავრობა თანდათან თვითონაც ემშვიდობება

“ხუდონჰესის” მშენებლობის დაწყება ვერაფრით ხერხდება და ახლა მიზეზებს ეძებენ, რათა ე.წ. ამბიციური პროექტის ვადამ გადაიწიოს. ამჯერად მთავრობამ და “ინვეტორმა” წყალდიდობა მოიშველიეს (როდის მოხდა სვანეთში წყალდიდობა ისე რომ არავის გაუგია, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია) და “ხუდონჰესის” მშენებლობის დაწყება სამი თვით გადაიდო.

სოფელ ხაიშიდან 4 კილომეტრში, მდინარე ენგურზე 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსაგურის მშენებლობას კომპანია “TRANS ELECTRICA LTD”, აპრილის ნაცვლად, აგვისტოში დაიწყებს.  მშენებლობის გადავადების მიზეზად კომპანიაში წყალდიდობებს ასახელებენ.

როგორც “TRANS ELECTRICA LTD”-ში განაცხადეს, წყალდიდობამ სვანეთში ძველი ნაგებობები და გვირაბი დააზიანა, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელობამ, აღდგენითი სამუშაოებისთვის, მთავრობას პროექტის დაწყების სამი თვით გადავადება სთხოვა.

ეს ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც დაუდასტურეს. მინისტრის მოადგილის, მარიკა ვალიშვილის განცხადებით, სამუშაოების დაწყება იმიტომ გადავადდა, რომ რეალურად ზარალის ლიკვიდაციის განხორციელება გათვალისწინებული არ იყო. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტის განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაობი იწყება. 

რაც შეეხება “ხუდონჰესის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, ვალიშვილის ცნობით, ანგარიში მომზადებულია, დოკუმენტი საბოლოოდ გაივლის საჯარო განხილვას და დაახლოებით, ორ თვეში გამოქვეყნდება.

საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია “TRANS ELECTRICA LTD”-ს შორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი 2009 წლის დეკემბერში გაფორმდა.  ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ეს პროექტი მილიარდ ლარამდე უჯდება. 

ხუდონჰესისთვის, დაახლოებით, 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას კი სოფელ ხაიშისა და მიმდებარე სხვა სოფლების დატბორვა მოჰყვება. შესაბამისად, 250-მდე ოჯახს მშობლიური ადგილისა და წინაპართა საფლავების დატოვება უწევს. 

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ყველა წინასწარი მოკვლევით, “ხუდონის” პროექტი საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. მოგებაში საქართველოს ხელისუფლება 2017 წლიდან, ანუ ჰესის მშენებლობის დასრულებისას, ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტს გულისხმობს. 

ღირს კი მხოლოდ და მხოლოდ დენის ექსპორტის გამო (საქართველოს თავისი ჰიდრორესურსები ისედაც კმარა და კარგა ხანს ეყოფა) იმ მასშტაბის მშენებლობის წამოწყება, რომელიც რეგიონის მიკროკლიმატს მთლიანად შეცვლის?

სპეციალისტების მტკიცებით, ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა, სვანეთისთვის კატასტროფა აღმოჩნდეს. ამ კაშხლის მშენებლობას სოფელ ხაიშისა და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფლის დატბორვა მოჰყვება, რასაც წინასწარი გათვლებით, იქ მცხოვრები 3000-მდე ადამიანის გადასახლება დასჭირდება. განადგურდება ისტორიული ძეგლები და გაქრება 26 ტოპონიმი.

“გარდა იმისა, რომ დიდი ტერიტორია წყლით დაიტბორება და სოფლებიდან ხალხი აიყრება, ქვეყანაში კლიმატიც შეიცვლება.  მასშტაბური ჰესები მიწისძვრების პროვოცირებასაც უწყობს ხელს.  სწორედ ამიტომ გიგანტური ჰესების მშენებლობა მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, აღარ განიხილება, როგორც მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილი. მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ეს ბუნებას ანადგურებს.

თუ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ჰესების პროექტს ბოლომდე განახორციელებს, საქართველო ცოტა ხანში თურქეთის ლანდშაფტს დაემსგავსება: იქ უკვე არც ერთ მდინარეში აღარ მიედინება წყალი.  უცნაურია, რომ “ნაციონალური” ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებას ცდილობს, რომელიც თავის დროზე კომუნისტებმა დაგეგმეს. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საბჭოთა გეგმებით არა მგონია, სწორი იყოს.

მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცესი ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, - ჰესების კასკადები უნდა ავაშენოთო. ასეთი ტიპის განცხადებები არასამართლებრივი და არადემოკრატიულია. ნებისმიერი ტიპის მშენებლობას სჭირდება სპეციალური ნებართვა, რომელსაც სპეციალისტები ეკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე გასცემენ. 

მთავრობამ ყოველგვარი შესწავლის, გამოკვლევისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე მიიღო ჰესების აშენების გადაწყვეტილება. უკანონოა ფარავანჰესისა და დარიალჰესის მშენებლობაც, რომელიც უკვე დაწყებულია. ამ პროექტის შედეგად, ყაზბეგის რაიონი თერგის გარეშე რჩება. მდინარეში წლის მხოლოდ 10% დარჩება”, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი, “მწვანე ალტერნატივის” კოორდინატორი.

“ხუდონჰესის” მშენებლობა საქართველოში პირველად 1979 წელს დაიწყო. მდინარე ენგურზე კიდევ ერთი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მას საშულება მიეცა ენგურჰესისთვის, დამატებით 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეღო. ჰესის მშენებლობას მაშინ ადგილობრივი მოსახლეობისა და ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, 1989 წლის ივნისში, მშენებლობა შეჩერდა. 2005 წლიდან კი საქართველოს მთავრობამ ხუდონის პროექტის ლობირება დაიწყო.