საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსაგან ზღვრული ფასების დადგენას პარალელურად და ერთხმად მოითხოვს. განსხვავება ისაა, რომ თუკი პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ყველასა და ყველაფერზე ზღვრული ფასების იდეას ემხრობა, საკანონმდებლო ორგანოს მკვიდრ ოპოზიციონერებს, ეს მხოლოდ ფარმაცევტულ სექტორზე წარმოუდგენიათ.
ლეიბორისტული პარტია პარლამენტში 2 თვის წინათ წარდგენილი კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მინიმალურ საარსებო კალათაში შემავალ საკვებ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებას გულისხმობს.
ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ ფონზე, რომ 2011 წლის ბიუჯეტში მთავრობის წევრების შესანახად 1,5 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული, პარლამენტი შეგნებულად აგვიანებს ლეიბორისტების კანონპროექტის განხილვას, რომელსაც 2 მილიონამდე ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გუგავას განცხადებით, იმ შეთხვევაში, თუ პარლამენტში ლეიბორისტების კანონპროექტის განხილვა დროულად არ მოხდება, ხელისუფლება შედეგად დამშეული ხალხის ბუნტს მიიღებს.
ზღვრული ფასების თემას, ოღონდ მხოლოდ ფარმაცევტული ჩარჩოებში პარლამენტში აგრძელენბს ჯონდი ბაღათურია. “ქართული დასის” ლიდერი მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას მოითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი, პარლამენტში ინიცირებამდე, ბაღათურიამ ექსპერტებთან, ფარმაცევტული კომპანიებისა და პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
როგორც შეხვედრაზე ბაღათურიამ განაცხადა, კანონპროექტით მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ისე დაწესდება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოგებაზე მუშაობა შეინარჩუნონ. მისივე თქმით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების გარდა, ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებით, პაციენტებისათვის მედიკამენტების გაცემა უფასოდ და ან შეღავათიანი ფასებით უნდა მოხდეს.
“ქართული დასის” წარმომადგენლებმა სტუმრებს კვლევის შედეგებიც გააცნეს. კერძოდ, კვლევის თანახმად, ბელგიაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 193%-ით გაიზარდა, საქართველოში კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში 200%-ით. “სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასების შეკავება უნდა იყოს”, - აღნიშნა ბაღათურიამ.
ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, დაბალი ფასების შენარჩუნება კონკურენციის გაზრდით არის შესაძლებელი, დადგენილი ფასები კი შავი ბაზარს გააჩენს; ანუ დაბრუნდება საბჭოთა კავშირის დროინდელი პრაქტიკა, როდესაც მაღაზიაში უხარისხო იაფფასიანი პროდუქტი იყიდებოდა, ხოლო ნორმალური პროდუქტის ყიდვა “დახლქვეშ” იყო შესაძლებელი.
”ნებისმიერი დადგენილი ფასი შავი ბაზრის გაჩენას გამოიწვევს. ფასების შესანარჩუნებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს - ბაზარი გახდეს კონკურენტუნარიანი. ბაზარზე ისევ არიან მონოპოლისტები, თუმცა თუ ზღვრულ ფასს დავადგენთ (მაგალითად, პური 50 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს), მაღაზიებში გაჩნდება დეფიციტი და ამასთანავე დაეცემა ხარისხიც.
იმავდროულად შავ ბაზარზე ამ პურს 1 ლარად გაყიდიან. ანუ ეს პროცესი უკონტროლოა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არის კონკურენციის გაზრდა”, - ამბობს ხადური.
ექსპერტების განცხადებით, საქართველოში კონკურენციის გაზრდა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. ბაზარი, ძირითადად, მონოპოლისტი კომპანიებით არის წარმოდგენილი, შედეგად მაღალი ფასები ხელოვნურად წარმოიქმება.
სხვათა შორის, ევროკავშირმა არაერთხელ დააყენა საქართველოს მთავრობის წინაშე მონოპოლიის შეზღუდვისთვის საკითხი. ამ კუთხით, ხელისუფლებამ თითქოს რაღაც ნაბიჯები გადადგა, თუმცა რეალური ქმედებები ჯერ არ განხორციელებულა.