ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ევროპული არმიის შექმნის მოწოდებით გამოდის.
როგორც ბერლინში იუნკერმა განაცხადა, საჭიროა ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, საერთო, ევროპული არმიის შექმნას უზრუნველყოფს.
„ამერიკელები პერსპექტივაში, ევროპის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ. ამაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, უნდა ვცადოთ და შევქმნათ ევროპული თავდაცვითი კავშირი, რომლის მიზანიც, სამომავლოდ, ევროპული არმიის შექმნა იქნება“, - განაცხადა იუნკერმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნას არ ისახავს მიზნად.
„ჩვენ ქვეყნებში ადამიანებს ევროპის შეერთებულ შტატებში ცხოვრება სულაც არ უნდათ. ამიტომ, არ უნდა ვტოვებდეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპა ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ მიდის“, - განაცხადა იუნკერმა.