დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესაძლოა, სენატის საგარო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ტენესის შტატის სენატორმა ბობ კორკერმა დაიკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.
სენატორი ბობ კორკერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ის არის ერთ-ერთი ინიციატორი კანონპროექტის, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირებად აღიარებს.
კანონპროექტი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობეის კომიტეტმა 2014 წლის სექტემბერში დაამტკიცა. კორკერი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა.
ჯონ კერის კიდევ ერთ სავარაუდო შემცვლელად გამოცემა Politico ასახელებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელების პრაიმერებში მონაწილეობდა, თუმცა მიტ რომნისთან დამარცხდა.
ამას გარდა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ბოლტონის კანდიდატურა სახელდება.