პოლიტსაბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადებაში საუბარი არ ყოფილა პარტიის ერთიანობაზე და გამიჯვნაზე, არამედ აზრთა სხვადასხვაობა ეხებოდა პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხს.
„პოლიტსაბჭომ უკვე მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს. ბუნებრივია, არსებობს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას. მე ვფიქრობ, ამ საკითხს ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ. განსხვავებული აზრი ჩვენს პარტიაში ყოველთვის იყო და ჩვენ ამიტომ ვართ ევროპული, დასავლური ტიპის პარტია, რომ ასეა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად გადაწყვეტილება მიიღება. ამ შემთხვევაშიც აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე, როგორც მეორე ტურებზე, ისე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენი მიდგომაა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ბრძოლის ველზე არც ერთი გოჯის დათმობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, პარტიამ სჭირდება სიმშვიდე, სიმტკიცე და ერთიანობა.