ქართველებმა ზამთრის კურორტებს თანდათან ზურგი აქციეს

ქართველებმა ზამთრის კურორტებს თანდათან ზურგი აქციეს


საქმე იქეთკენ მიდის, რომ საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად მარტო სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტები ჩამოვლენ. ეს განსაკუთრებით ეხება „თეთრ ტურიზმს“. რადგანც გუდაურსა და ბაკურიანს რეგიონში კონკურენტი არ ჰყავს, ამიტომაც ფასები წარმოუდგენლად ძვირია. ანგარიშიანი ქართველები თხილამურებზე ძვირდაღირებულ სრიალს, ხმელთაშუა ზღვაში შედარებით იაფ ჭყუმპალაობას არჩევენ.


 


საქართველოს მოსახლეობა ზამთრის არდადეგების გატარებას საზღვარგარეთ არჩევს, რადგან ქართულ კურორტებზე იგივე რაოდენობით თანხა ეხარჯებათ. ამ განცხადებას ტუროპერატორების ნაწილი აკეთებს. „მოგზაურთა კლუბში“ ამბობენ, რომ  გუდაურის სასტუმროების ფასები ღამეში 120-140 დოლარიდან, ხოლო ბაკურიანში 50 ლარიდან იწყება. მათივე თქმით, დაბალი ფასების გამო ქართველები ეგვიპტეში დასვენებას ამჯობინებენ. ეგვიპტეში ტურ-პაკეტი ორი ადამიანისთვის 1300 დოლარიდან იწყება და სასტუმროების ვარსკვლავების მიხედვით 2 ათას დოლარს აჭარბებს. დუბაიში 10 დღე ზამთრის არდადეგების გატარება ორი ადამიანისათვის 1300 დოლარი ღირს, ამ ფასში შედის ავია ბილეთები, ტრასნფერი, დაზღვევა და სამვარსკვლავიანი სასტუმრო.


 


შედარებით ძვირია ევროპული კურორტები, სადაც ფასები 700 ევროდან იწყება.


გუდაურში 1300 დოლარი 10 დღის განმავლობაში მარტო ერთ ადამიანს სჭირდება და ხანდახან არც კი კმარა. ოდნავ იაფია ბაკურიანი, თუმცა ეგვიპტესა და დუბაის კონკურენიცას ისიც ვერ უწევს.


 


გუდაურში და ბაკურიანში არსებული სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ სეზონზე ფასების მატება ნომრებზე მოსალოდნელი არაა. ფასები მხოლოდ ახალი წლის დღეებში გაიზრდება. როგორც წესი, ამ დღეებში კურორტებზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჩადის და ნომრების გაძვირებაც სრულიად გასაგები მომენტია.


 


იმის გასარკვევად, აპირებენ თუ არა თბილისელები ზამთარში სათხილამურო კურორტებზე წასვლას, პრესაში მცირე გამოკითხვა ჩატარდა კიდეც. 50 გამოკითხულიდან 14-მა ზუსტად იცის, რომ წელს ბაკურიანს ან გუდაურს აუცილებლად ეწვევა. 11 რესპოდენტი არსებულ ფასებს გადახედავს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. დანარჩენს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და მათი არჩევანი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მთავარი კი მაინც ფინანსური მომენტია. 


 


იმ ინფორმაციას, რომ ფასები არ მოიმატებს, რიგია დამიანები სკეპტიკურად უყურებენ. როგორც წესი, სეზონიდან სეზონამდე ფასები ყოველთვის ძვირდება და ისინი მიიჩნევენ, რომ გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება.


 


„შარშან ოთხი დღით ვიყავი და 600 ლარამდე დამეხარჯა. ამაზე მეტს წელსაც ვერ გადავიხდი. შარშან სრულიად ჩვეულებრივ სასტუმროში ვიყავი, პირობებით და მომსახურებით აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. ვფიქრობ, რომ საშუალო დონის სასტუმროები წლეულს ნომრების ღირებულებას გაზრდიან. ტურისტული პროგნოზის მიხედვით, ამ სეზონზე ბევრ ტურისტს ელოდებიან და სასტუმროები ფულის გაკეთების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ფასის ათი დოლარით გაზრდაც კი მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის, ჩემთვის კი დასასვენებლად წასვლას არარეალურად აქცევს“, - აღნიშნა ვახო ქველაძემ, რომელიც ყოველწლიურად გუდაურს, ან ბაკურიანს სტუმრობს.