მთავრობის „ტყიური“ მიზნები

მთავრობის „ტყიური“ მიზნები

ხელისუფლება კონფლიქტისპირა სოფლების შეშით მომარაგების პრობლემას გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე აპირებს. ეს კი საპარლამენტო უმრავლესობას იმდენად კეთილშობილურად ეჩვენება, რომ მთავრობას ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვაზეც კი არ ეუბნება უარს. ოპოზიციის ნაწილს ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და შიშობს, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან ბოროტად იქნება გამოყენებული. 

 

კონფლიქტისპირა სოფლების შეშით მომარაგების საკითხი ოპოზიციის მხრიდან აქამდეც არაერთხელ დაისვა და უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი სწორედ მის მიერ არის გააქტიურებული. მთავრობამ კი ოპოზიციის მოთხოვნა არათუ დააკმაყოფილა, არამედ ამ პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის დონეზეც კი ცდილობს. ამისთვის კი, სატყეო სააგენტოს საშეშე ხე-ტყის დამზადების უფლება მიენიჭება.

 

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის შეშით მომარაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი სატყეო სააგენტოს უფლებამოსლება ექნება, რომ საშეშე ხე-ტყე დაამზადოს და მთავრობის დადგენილი მიზნით და ოდენობით, ფიზიკური ან იურიდიული პირები საშეშე მერქნით უზრუნველყოს.

 

სატყეო სააგენტოსთვის ამ უფლების მინიჭება საკანონმდებლო ცვლილებას საჭიროებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტში შეიტანა და დაჩქარებული წესით განხილვაც მოითხოვა. როგორც ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, თუკი აღნიშნული პროექტი დროულად არ იქნება მიღებული და კანონში არ შევა სათანადო ცვლილება, სატყეო სააგენტოს საშეშე ხე-ტყის დამზადების უფლება არ ექნება და პრობლემები შეექმნება აღნიშნული კატეგორიის მცხოვრებლებს.

 

მან პროექტის დადებით მხარეებსა და მოსახლეობის მხრიდან მის მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის ნების აღსრულება, ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული. ხუროშვილის სწორედ ეს განცხადება გააკრიტიკა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ მთავრობას შეეძლო ინიციატივა პარლამენტისთვის დროულად წარედგინა და ლოდინიც აღარ მოუწევდათ.

 

ბაქრაძის თქმით, უმჯობესი იქნება მთავრობამ მუშაობა დაააჩქაროს ხოლმე. მოსახლეობას არ უნდა შეექმნას პრობლემა მთავრობასთან წინააღმდეგობის გამო, თუმცა სხვა დროს, მთავრობამ უნდა გაითვალსიწინოს, რომ ლოდინი მოუწევს. „სხვა დროს მთავრობის ასეთ არგუმენტებს აღარ გავიზიარებთ“, – დასძინა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება მხოლოდ მთავრობის უპასუხისმგებლობაზე გაამახვილა, თუმცა მას არაფერი უთქვამს იმ პრობლემაზე, რომ ეს იქნება არა ერთჯერადი უფლება, არამედ მთავრობის ერთ-ერთი უწყების ფუნქცია. სხვათა შორის, ხუროშვილმა ისიც აღნიშნა, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში 2-2 კუბურ მეტრ შეშას 5500-მდე ოჯახს და ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაურიგებენ.

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი საეჭვოდ სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს.

„ის, რომ ამ მოსახლეობას შეშას დაურიგებენ, ეს ძალიან კარგია და ვინ შეიძლება, რომ ამის წინააღმდეგი იყოს. მაგრამ მე საეჭვოდ ის მიმაჩნია, ამის გამო რატომ უნდა შევიდეს კანონში ცვლილება და შეშის მოპოვების უფლება ამ ორგანოს რატომ უნდა დაუკანონდეს? მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები რისთვის არსებობს, რომ ასეთი პრობლემები კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე ვერ მოვაგვაროთ?

ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული, რომ მთავრობას, ერთი შეხედვით, ასეთი კეთილშობილური მიზნით მისცემენ იმის უფლებას, რომ ხე-ტყის მოპოვება ისე განახორციელოს, როგორც გაეხარდება და ამის გამკონტროლებელი კაციშვილი არ იქნება. თავად გარემოს დაცვას რომ თავი გავანებოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არათანაბარი პირობები მოქმედებს და ხელისუფლების სათავეში მყოფნი ქვეყნის ყველა სიკეთეს ისე იყენებენ, რომ დანარჩენ საზოგადოებას „ფეხებზე იკიდებენ,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

ხუროშვილის თქმით კი, ხე-ტყის მოპოვების რაოდენობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და „შემდეგ არც ამის შესრულების გაკონტროლება იქნება ძნელი“.

თუმცა, იგი ვერ აკონკრეტებს იმას, თუ ვისი მეშვეობით განხორციელდება კონტროლი, როდესაც კერძო პირების მიერ ხე-ტყის მოპოვების კონტროლი თავად იმ ორგანოს ავალია, რომელიც სულ მალე მოპოვებას თავად განახორციელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავის დროზე, როდესაც ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზიების ახლებურად გაცემის საკითხი წყდებოდა, მთავრობის მთავარი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ მოპოვება და კონტროლი ერთი ორგანოს ხელში არ უნდა ყოფილიყო.