„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“

საქართველოს სასურსათო დამოუკიდებლობის გეგმის პირველი პუნქტი უკვე ცნობილია – 2011 წლის პირველი იანვრიდან 5 ჰექტარზე მეტი დაუმუშავებელი მიწის მფლობელს სოლიდური გადასახადის გადახდა მოუწევს. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მუშაობს. სამინისტრო ამ ცვლილებებს პარლამენტს სავარაუდოდ ნოემბერში წარუდგენს.


 


დაუმუშავებელი მიწის მფლობელებისთვის გადასახადის დაკისრების იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. სააკაშვილი სოფლის მეურნეობის დაქცევაში შევარდნაძის ეპოქის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს და პრობლემის გადაჭრას ახალი გადასახადის დაწესებით აპირებს.


 


„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება დარგში არსებული პრობლემის სიღრმისეულ ანალიზს ვერ ახერხებს და  აქცენტს ისევ ფრაგმენტულ, უსისტემო და არაეფექტურ ღონისძიებებზე აკეთებს.


 


სოფლად საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებით 53 პროცენტი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა უშუალოდაა ჩაბმული სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. ამავე დროს, ადგილობრივი აგროპროდუქციიის წილი ქვეყნის მშპ-ში 8 პროცენტია და შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 12 პროცენტს აკმაყოფილებს. საქართველოში სულ 810.000 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწაა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაუმუშავებელი რჩება. არაოფიციალური მონაცემებით კი, დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები გაცილებით მეტია და ზოგ რაიონში სავარგულების 50 პროცენტსაც აღემატება.


 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2006 წელს მთლიანი ნათესი ფართობების რაოდენობა 330 ათასი ჰექტარი იყო; 2007 წელს – 297, 2008 წელს – 329, ხოლო 2009 წელს – 308 ათასი ჰექტარი.


 


დაუმუშავებელი მიწის ფართის ზრდის პირდაპირპროპორციულად კლების ტენდენციით ხასიათდება საქართველოში მოყვანილი მოსავლის ოდენობა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოში 80.3 ათასი ტონა ხორბალი მოიყვანეს, 2009 წელს კი 53.9 ტონა; თუ 2008 წელს 49.3 ათასი ტონა ქერი იწარმოებოდა, 2009 წელს საქართველოშო მოყვანილი ქერის ოდენობა 19.9 ტონას არ აღემატებოდა; კლების ტენდენციით ხასიათდება ბოსტნეულის წარმოებაც: 2007 წელს– 190.3 ათასი ტონა, ხოლო 2009 წელს – 170.3 ათასი ტონა.


 


საქართველოს პრეზიდენტი მიწის რესურსის არასათანდო გამოყენებაში შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ადანაშაულებს და აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას სოლიდური გადასახადებით აპირებს:


 


„ბევრი მიწა დაუმუშავებელია იმის გამო, რომ შევარდნაძის დროს ეს მიწები დაირიგეს პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრის მოადგილეებმა, რომლებიც არ ამუშავებენ მათ, უბრალოდ ელოდებიან როდის მოიმატებს მისი ფასი, რათა მერე ან უცხოელზე გაყიდოს, ან უფრო გამდიდრებულ სხვა ქართველს მიჰყიდოს, რომელმაც საკუთარი შრომით შეიქმნა შემოსავალი. ასე არ გამოვა - მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. ამიტომ, საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო მოქნილად მივუდგეთ და ასეთ მიწებზე გადასახადი დავაწესოთ.


 


თუ ისეთი სულელი აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუმუშავებელ მიწაში გადასახადები იხადოს, მისი საქმეა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ შევარდნაძის დროს პროკურორი ან „გაიშნიკი“ იყო და ამის გამო აქვს მიწა  - ასეთი მიდგომა დამთავრდა. ახლა დროა მიხვდე, რომ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, - ხელები დაიკაპიწე და იშრომე, ან მას მიეცი საშუალება, ვისაც ამის გაკეთება სურს. ჩვენ პატარა ტერიტორია გვაქვს, მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და დასაკარგი და უქმად გასაჩერებელი მიწები არ გაგვაჩნია“.


 


იმისთვის, რომ ინვესტორებს სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენა გაუადვილდეთ, მთავრობა მიწის ბანკის და საინფორმაციო ცენტრის შექმნას აპირებს. ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურები სულ უფრო ნაკლებად მოჰყავთ, ექსპერტთა შეფასებით წარმოებაზე გაწეული მაღალი დანახარჯებით და, უცხოურ პროდუქციასთან შედარებით, მისი არაკონკურენტუნარიანობითაა გამოწვეული. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის შემცირება კი დაუმუშავებლად დატოვებული მიწის ფართობის ზრდას განაპირობებს.


 


სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ნაკლებმომგებიანი გახდა საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის შემდეგ, რადგან ადგილობრივი პროდუქცია იმპორტულს კონკურენციას ვერ უწევს. ამ სექტორს სერიოზული ზარალი მიაყენა რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ემბარგომაც: აგროსექტორში დასაქმებულმა მეწარმეებმა შექმნილ მდგომარეობასთან სწრაფი ადაპტირება ვერ შეძლეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობამაც კიდევ უფრო იკლო.


 


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მშპ-ს ფორმირება ძირითადად სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ხარჯზე ხდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში წარმოებული მშპ-ს ზრდის გამო სულ უფრო მცირდება. თუ 1994 წელს სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ-ში 46 პროცენტს შეადგენდა, 1998 წელს ის 26,2, ხოლო 2009 წელს 8 პროცენტამდე შემცირდა.


 


ექსპერტთა მოსაზრებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას წვრილი მეურნეობების მაღალი ხვედრითი წილი და იმ მეურნეობათა მცირე რიცხვი აფერხებს, რომლებიც მსხვილ ნაკვეთებს ფლობენ. გასულ წელს, 726 021 მეურნეობიდან 10 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს მხოლოდ 5 030 მეურნეობა, ანუ მეურნეობათა საერთო რიცხვის მხოლოდ 7 პროცენტი ფლობდა.


 


„აგროგანვითარების“ ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ზაზაშვილი ამბობს: „დამნაშავეა ის ადამიანი, ვისაც ამხელა მიწა დაუმუშავებელი აქვს. ცხადია, მას არასწორი გათვლა აქვს. მიწა არ არის ისეთი წამგებიანი აქტივი, რომ დამუშავების ღირსი არ იყოს. დაუმუშავებელი მიწის მაღალი გადასახადით დაბეგვრის გადაწყეტილება არ შეეხება იმ კონტიგენტს, რომელიც მიწას გაჭირვების გამო ვერ ამუშავებს: გლეხს, როგორც წესი, 1 ჰა-ზე ნაკლები ფართის მიწა აქვს და იმის გამო, რომ სხვა შემოსავალი არ აქვს, მას გამოუყენებელს არ ტოვებს.


 


5 ჰა-ზე მეტი ფართობის მქონე მიწები ძირითადად აქვს იმ ხალხს, ვინც მიწა კომერციული დანიშნულებით შეიძინა და მომავალში მის სარფიანად გაყიდვაზე ფიქრობს. კარგია, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ გარკვეული ბერკეტების ამოქმედებას აპირებს. სოფლის მეურნეობა ჩიხშია. ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სწორედ მიწების ფრაგმენტული დაყოფა-დანაწილება იყო. ეს ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდა და აგროსექტორში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად სხვა გონივრულ ზომებსაც მიიღებს“.


 


„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ აგრარულ სექტორში არსებული მდგომარეობის პრობლემა უფრო ღრმაა, ხელისუფლებამ კი მას ძალიან ზედაპირული ახსნა მოუძებნა:


 


„იდეა, რომ მიწა ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, სწორია. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მიწის რესურსი მოვაცდინოთ. თუმცა, უკეთესი იქნებოდა, ჩვენი ბიზნესგარემო იყოს ისე მოწყობილი, რომ რესურსი გამოუყენებელი არ რჩებოდეს. საკითხის ასე დასმა, რომ მიწის გამოუყენებლობისთვის გადასახადები დავაწესოთ, არა მგონია, ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტური იყოს. სინამდვილეში პრობლემა უფრო ღრმაა.“


 


ჯანდიერის აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და საქართველოს, როგორც აგროპროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე:


 


„საქართველოს აგრარული სექტორი მცირე ტიპის მეურნეობაზეა ორიენტირებული, რომელიც დაბალი მოსავლიანობით ხასიათდება და შესაბამისად, იაფი პროდუქციის წარმოებას ვერ ახერხებს. საქართველოს ძალიან პატარა შიდა ბაზარი აქვს. თუ არ გვექნება საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია უცხოეთში გავიტანოთ, არაფერი გვეშველება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ საკუთარი აგრარული პროდუქციისთვის გასაღების ბაზარი მოიძიოს. დანარჩენი პრობლემები შემდეგ თავისთავად მოგვარდება.


 


ცხადია, რომ პრობლემა არ არის მთლიანობაში დანახული. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარი ფუნქცია კარგად არ ესმის. იმის მაგივრად, რომ ქართული აგრარული პროდუქციისთვის გასაღების ბაზარს ეძებდეს, აქცენტს ისეთ სულელურ ღონისძებებზე აკეთებს, როგორებიცაა „ტრაქტორი ყოველ სოფელს“ და გლეხებისთვის სასუქის დარიგება. ასეთ ნაბიჯებს შედეგი არსად მოუტანია და არც ჩვენთან მოიტანს“, ამბობს გია ჯანდიერი და მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მსხვილი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას საგადასახადო კოდექსი აფერხებს