ცვლილებები მოქკავშირში

ცვლილებები მოქკავშირში

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ჟვანიას არჩევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გენერალური მდივნის ფუნქციას მოქალაქეთა კავშირში სხვა შეასრულებდა.

6 დეკემბერს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება, მთავარ საბჭოსთან შეთანხმებით, დაევალა გიორგი ბარამიძეს. საორგანიზაციო მდივნად დაინიშნა რომან კუსიანი, პოლიტიკურ მდივნად - ზაზა კანდელაკი, პრეს-მდივნად კი - დავით ტყეშელაშვილი.

გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ბარამიძის თქმით, კურსის თვალსაზრისით, პარტიის მუშაობაში არაფერი შეიცვლება. მოხდა ახალი ენერგიული, პატიოსანი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების ჩართვა საქმეში. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მდივნის თანამდებობიდან გადაირჩიეს ნესტან კირთაძე. „მე ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის რეალიზაცია დაიწყოს თვისობრივად ახალ ეტაპზე, - აღნიშნა ნესტან კირთაძემ - ჩემი აზროვნებითი შესაძლებლობების მიხედვით მინდა პოლიტიკურ-პრაქტიკული საქმიანობის გაგრძელება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში“.

4 დეკემბერს, მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის დახურულ სხდომაზე, როდესაც მიდიოდა კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურების შეთანხმება, ნესტან კირთაძე დასახელებული იყო საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ. მაშინ თანაპარტიელებმა უპირატესობა მის კონკურენტს, კახა ჩიტაიას მიანიჭეს. ნესტან კირთაძე იმ დროს გახდა მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური მდივანი, როდესაც პარტიას გახლეჩის საშიშროება ელოდა. „ეს იყო ბატონ ზურაბ ჟვანიას თხოვნით. მე მაშინ ვცდილობდი კონგლომერატის ტიპის კავშირი პოლიტიკურ პარტიად ქცეულიყო,  მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შემთხვევაში, მე თვითონვე მივმართე თხოვნით გენერალურ მდივანს, არ გაეთვალისწინებინათ ჩემი პერსონა პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე“.

მოქალაქეთა კავშირის მთავარმა საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ნესტან კირთაძე კვლავ დარჩა ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წევრად.

„ბევრი ჩვენი პარტიული ფუნქციონერი გახდა დეპუტატი. - აღნიშნა „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბარამიძემ. - მათ გაეზარდათ პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, ადამიანმა, ამავე დროს, პარტიაში აქტიურად თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, ამის გაძღოლა ძალიან გაძნელდება“.