„ყვითელმა ავტობუსებმა“ და დედაქალაქში მათმა სიმრავლემ რომ არ გაამართლა, ამაზე განცხადებები უკვე გაკეთდა. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსების რაოდენობის მკვეთრად შემცირება იგეგმება. ახლა კი საუბარია ამავე ავტობუსებში უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმებაზე. აქედან გამომდინარე, ეჭვი იმისა, რომ მუნიციპალური ავტობუსები წამგებიანი აღმოჩნდა, თითქმის მართლდება და შეიძლება ის საერთოდ გაუქმდეს ან მათი რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.
პარალმენტში უახლოეს სასესიო მოსმენაზე უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გაუქმებაზე იმსჯელებენ. აღნიშნული საკითხი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით უკვე განიხილეს. კანონპროექტით, პირებს, რომლებიც 2010 წლის აგვისტომდე უბილეთოდ მგზავრობდნენ და მათზე ჯარიმა-საურავია დარიცხული, ეს თანხა ჩამოეჭრებათ.
„უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულია სულ 1200-მდე ადამიანი, ხოლო თანხა 1 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. კანონპროექტის მიხედვით ამ ადამიანებს აღნიშნული ჯარიმების გადახდა აღარ მოუწევთ და მათ ჩამოეჭრებათ,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.
დაეთანხმებიან თუ არა ლაშა თორდიას კოლეგები, ეს მომავალში გაირკვევა. თუმცა აქედანვე ცხადია, რომ აღნიშნული ინიციატივის დაყენება ამ ჯარიმების გადაუხდელობამ განაპირობა. ის ადამიანი, ვინც ავტობუსში 40-თეთრიან ბილეთს ვერ იღებს, მას ჯარიმის გადახდაც ცხადია, რომ გაუჭირდება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში დედაქალაქის ქუჩებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობაც შემცირდება. ცნობილია ისიც, რომ თბილისში მალე ისევ ტრამვაი გამოჩნდება.
„თბილისის მერია ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გასულ კვირას, პარლამენტთან, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული კვირეულის გახსნისას განაცხადა.
ავტობუსების ტრამვაითი ჩანაცვლების მიზეზად უგულავამ ის დაასახელა, რომ ავტობუსებისთვის საჭირო საწვავის თანხა საქართველოდან გაედინება და ამასთან გამონაბოლქვი ქალაქს მნიშვნელოვნად აბინძურებს.
„მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტობუსები წელიწადში 29 მილიონის დიზელს მოიხმარს. გარდა იმისა, რომ ეს ფული საქართველოდან გაედინება, რადგან დიზელი ჩვენი პროდუქტი არ არის, გამონაბოლქვი ქალაქს მნიშვნელოვნად აბინძურებს. გვაქვს გეგმა, რომ ავტობუსები უახლოესი წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, თანამედროვე ელექტროტრანსპორტით ჩავანაცვლოთ. სახელმწიფოც სუბსიდირებას და დახმარებას სწორედ ელექტროტრანსპორტს გაუწევს“, - განაცხადა უგულავამ.
ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ჩანაცვლების გეგმას თბილისის მერია 2011 წლის განმავლობაში მოამზადებს. ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებაც დაიწყება.
„2011 წლიდან დავიწყებთ წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, რამდენი მარშრუტი შეიქმნება და რა მიმართულებებით. გარდა ამისა, უნდა გაიწეროს პროექტის ღირებულებაც. მარშრუტების საჭიროების დასაბუთებისა და მიმართულებების განსაზღვრის შემდეგ პროექტის უშუალო განხორციელება დაიწყება“, - განაცხადა ჯოხაძემ.
პროექტის უშუალო განხორციელების დაწყებას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი 2011 წლის დასრულების შემდეგ ვარაუდობს. რაც შეეხება საბაგიროს, მისი ამოქმედება, აკაკი ჯოხაძის თქმით, მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ექსპერიმენტმა „ყვითელი ავტობუსები“ - არ გაამართლა. არც ფასის გაორმაგებამ უშველა საქმეს და არც კონტროლიორების ავტობუსებში აშვებამ. ხალხის ნაწილი ისევ უბილეთოდ დადის, ვინც ბილეთს იღებს, მათი საერთო ჯამი იმდენი არ არის, რომ „თბილისის ავტობუსმა“ საკუთარი თავი შეინახოს.