ბრძოლა ადგილობრივი მეცხოველეობის წინააღმდეგ

ბრძოლა ადგილობრივი მეცხოველეობის წინააღმდეგ

საქართველოში მეცხოველეობის განვითარება ხელისუფლებას თვალში ეკალივით ესობა. ამის მიზეზი ისაა, რომ გაყინული ხორცის ბიზნესმა ვერა და ვერ დაჩრდილა ადგილობრივი წარმოება. ამიტომაც მთავრობა ხან ქათმის გრიპს „ავრცელებს“, ხანაც - „ღორის გრიპს“.  ამჟამად მსხვილი პირუტყვის ჯერია. კახეთში „თურქული“ მძვინვარებს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს კი გულზე ხელი დაუკრეფია და არაფერს აკეთებს.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მსხვილფეხა და წვრილჩლიქიანი ცხოველები „თურქულით“ მასობრივად ავადდებიან. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების განცხადებით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფოდ კარანტინია გამოსაცხადებელი, თუმცა ვეტსამსახური თურქულის მასობრივად გავრცელების შესახებ ინფორმაციას მალავს.

 

„გურჯაანის რაიონში ცხოველების აცრა მხოლოდ ორ სოფელში, ახაშენსა და ველისციხეში მოხდა. ისიც მას შემდეგ, რაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ თურქულით ადამიანი დაავადდა. რაც ვაქცინა იყო შემოსული, გაიხარჯა. მეტი ვაქცინა აღარ არის და დაავადებაც ყოველდღიურად ვრცელდება. ვეტერინარიის ადგილობრივ სამსახურში შეტყობინებები შემოდის, მაგრამ მისი აღრიცხვა არ ხდება. სამსახურს კარანტინის გამოცხადება არ აწყობს. დაავადებულ ცხოველს მკურნალობა თუ არ ჩაუტარდა, კვდება. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ დაავადებულ საქონელს ხალხი კლავს და ყიდის, მყიდველები კი ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას არ ითხოვენ“, - აღნიშნავენ ვეტერინარები.

 

ვეტერინარიის გურჯაანის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ზარდიაშვილი თურქულის გავრცელებას არ ადასტურებს. „ოფიციალურად არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თუმცა საშიშროების არსებობის გამო ორ სოფელში საქონელი აიცრა. ვაქცინა 700 დოზა იყო და სულ გაიხარჯა, შემიძლია აქტებით დაგიმტკიცოთ“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

გურჯაანის რაიონის მცხოვრებლები კი „თურქულით“ საქონლის მასობრივ დაავადებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადგილობრივი სამსახური აღნიშნული საშიშროების გამო რამდენჯერმე გააფრთხილეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ოფიციალურად თურქულით ადამიანის დაავადების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

თურქულით ავადდება ყველა წვრილჩლიქიანი ცხოველი, ყველაზე უფრო კი - ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა, ირემი და შედარებით ნაკლებად ამთვისებელია კამეჩი. თურქული თავს იჩენს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ მის აფეთქებას უპირატესად ადგილი აქვს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თურქულის ამთვისებელია ადამიანიც, განსაკუთრებით ბავშვი.

 

იმ დროს, როდესაც საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას ხელს ყოველნაირად უშლიან, ჩვენი მეზობლები, პირიქით, სწორედ ამ დარგის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. მაგალითად, მეცხოველეობის განვითარებისათვის, სომხეთის მთავრობა ქვეყანაში სპეციალურ რეჟიმს აწესებს, რომლის მიხედვითაც ცხოველური ნაწარმის ექსპორტ-იმპორტი გამარტივებული წესით მოხდება. თუ საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მეცხოველეობის პროდუქტის გადატანისას ლაბორატორიის დასკვნა იარსებებს, მაშინ სურსათის უვნებლობის შესახებ წინასწარი განცხადების წარდგენა საჭირო აღარ გახდება.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანბის განმარტებით, აღნიშნული პრეფერენციების შემოღება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. მეცხოველეობის პროდუქტებიდან, ძირითადად, ცხვრის ექსპორტი ხორციელდება. დღეისათვის სომხეთიდან 57 ათასი ცხვრის გაყვანაზეა ნებართვა გაცემული.