Indesit-ის 80 წლიანი ბრძოლა ბებერი კონტინენტის დასაპყრობად

Indesit-ის 80 წლიანი ბრძოლა ბებერი კონტინენტის დასაპყრობად

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Indesit გაყიდვების მოცულობის მიხედვით ევროპაში მესამე ადგილზეა. იგი მიზანმიმართულობით, დინამიურობითა და საიმედოობით გამოირჩევა. რაც მთავარია, კომპანია ეფექტურად რეაგირებს დროისა და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებზე, რაც მისი წარმატების უმთავრესი საფუძველია.

 

მერლონის სასწორი

Indesit-ის წინამორბედი კონცერნი Merloni Elettrodomestici დაარსდა 1930 წელს არისტიდ მერლონის მიერ. მან იტალიის ქალაქ ფაბრიანოში სასწორების მწარმოებელი პატარა ქარხანა დააარსა. იგი თავისი საწარმოს შემდგომ გაფართოვებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე ფიქრობდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა მისი გეგმები ჩაშალა.

 

ომმა არა მარტო კომპანიის განვითარება შეაფერხა, არამედ, საომარმა მოქმედებებმა მისი ქარხნები თითქმის მიწასთან გაასწორა. ომის დასრულების შემდეგ მერლონმა წარმოების აღდგენა დაიწყო და ბიზნესის განვითარების სხვა გზების ძიებას შეუდგა. 1945 წელს Merloni Elettrodomestici-მა შეკუმშული გაზის

ბალონებისა და წყლის ელექტროგამათბობლების Ariston-ის («წარმატებული») ბრენდით, რომელიც კომპანიის უძველესი სავაჭრო მარკა გახლავთ, წარმოება დაიწყო.

 

ამ პროდუქციამ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მიღებული შემოსავლით ფირმამ სხვა ელექტროსაქონლის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური ბაზის ათვისება მოახერხა. ცოტა ხანში შესაძლებელი გახდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოშვება. პირველი პროდუქცია გახლდათ Ariston-ის ბრენდით გამოშვებული სამზარეულოს ქურა.

 

დიდი კონკურენცია

Merloni Elettrodomestici-ის პროდუქცია სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და შემდგომ წლებში კომპანიის შემოსავალმა გვარიანად იმატა. 1975 წელს მისი თავკაცი დამაარსებლის, არისტიდ მერლონის ვაჟი ვიტორიო გახდა. იმ პერიოდში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე გვარიანი კონკურენცია სუფევდა. ამიტომაც, Merloni Elettrodomestici იძულებული იყო გამუდმებით ტექნოლოგიურ და ბიზნეს სრულყოფაზე ეზრუნა.

 

კომპანიის წისქვილზე წყალს ის ასხამდა, რომ იმ პერიოდში იტალიაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი მსხვილი კომპანია არ არსებობდა. Merloni Elettrodomestici-ისათვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ Indesit-ს შეეძლო, რომელიც 1975 წელს დაარსდა. 70-იანი წლების ბოლო და თითქმის მთელი 80-იანი წლები სწორედ ამ ორი კომპანიის კონკურენციის ნიშნით წარიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად Merloni Elettrodomestici-ის ბევრი მცდელობისა და ბიზ-მოდელის მრავალგზის ცვლილებისა, Indesit უფრო წარმატებით ვითარდებოდა, მისი პროდუქცია მთელს ევროპაში პოპულარული ხდებოდა და 80-იანი წლების ბოლოს მისმა წლიურმა ბრუნვამ Merloni Elettrodomestici-სას ერთნახევარჯერ გადააჭარბა. და მაშინ, 1989 წელს ვიტორიო მერლონიმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და Indesit შეიძინა.

 

ახალი სახელით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

ამის შემდეგ Merloni Elettrodomestici-ის საქმე დიდებულად წავიდა. Ariston-ის და Indesit-ის მარკით კომპანია უშვებდა გაზისა და ელექტროქურებს, სარეცხ მანქანებს, მაცივრებს და სხვა მსხვილ და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. კონცერნი სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, შეიქმნა წარმომადგენლობები საფრანგეთში, პოლონეთში, პორტუგალიასა და თურქეთში.

 

ამ დროს დადგა კონცერნის სახელის შეცვლისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომენტი. ეს აუცილებელი იყო მრავალი სავაჭრო მარკის ერთი დასახელებით გაერთიანებისათვის, რაც ხელს წარმატებულ ექსპორტს შეუწყობდა. ახალ სახელთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელობა კარგა ხანს ფიქრობდა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება მხოლოდ 2004 წლის 6 სექტემბერს მიიღო.

 

სამი წლის წინ გამართულმა აქციონერთა კრებამ დაადგინა, რომ კონცენი Merloni Elettrodomestici ხელახლა მოინათლა და Indesit Company ეწოდა. ჩათვალეს, რომ Indesit განთქმული და პოპულარული სახელია, რომელსაც უნდა დაუკავშირდეს სწორედ კომპანიის მომავალი.

 

მომავალი კი ერთობ სახელოვანი გახლავთ. კონცერნმა შეინარჩუნა არისტიდ მერლონის მიერ დანერგილი ტრადიციები და თავის მომხმარებელს Indesit-ის, Ariston-ის, Stinol-ის, Hotpoint-ის და Scholtes-ის ბრენდებით ხელმისაწვდომ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 17,5 მილიარდი ევრო გახლავთ, ევროპის ბაზრის 14 პროცენტს აკონტროლებს და ამჟამად სხვა კონტინენტების დაპყრობის პროგრამას ანხორციელებს.