ამერიკელი ბიზნესმენისა და გამომგონებლის ტიმ ლეზერმანის სახელი კარგა ხანია ცნობილი გახდა, ბევრმა კი იგი სულაც ბიზნეს-გურუდ აღიარა. ეს სრულიად დამსახურებული შეფასება გახლავთ, რადგან ერთია უბრალო დანა მრავალფუნქციურ ინსტრუმენტად ქცევა, ხოლო მეორე აქედან დიდი ბიზნესის გაკეთება.
დანა და ხელსაწყო
ყველაფერი 1975 წელს დაიწყო, როცა ახალგაზრდა, 23 წლის ტიმოთი ლეზერმანი თავის ცოლთან ერთად ევროპაში მოგზაურობდა. ამერიკელს თან ბიოსკაუტის უბრალო დანა ჰქონდა, რომელსაც იგი ათასგვარი საჭიროებისათვის - პურის დაჭრიდან დაწყებული, ჭანჭიკების მოჭერით დამთავრებული, იყენებდა. ამსტერდამში ცოლ-ქმარმა 300 დოლარად ძველი, დანჯღრეული Fiat შეიძინა, რომელიც წამდაუწუმ ფუჭდებოდა. გაწამებული ლეზერმანი ბრტყელტუჩას ნატრობდა, ჰოდა, სწორედ მაშინ დაებადა იდეა, რა კარგი იქნებოდა, თუ დანას ბრტყელტუჩა დაემატებოდა.
მშობლიურ პორტლედში დაბრუნებულმა ტიმმა შვებულება აიღო და თავის ნახევარძმასთან ერთად ფარდულში ჩაიკეტა, სადაც პატარა სახელოსნო მოიწყო. თავიდან ძალიან გაუჭირდა - ინჟინრის დიპლომი აშკარად არაფერს ნიშნავდა, როცა საკუთარი ხელით რაიმე იყო შესაქმნელი. ახალი დანის თითოეული დეტალის გასაკეთებლად მას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა.
მაგრამ, საბოლოოდ ლეზერმანმა შედეგს მიაღწია - რამდენიმე თვის შრომა-წვალების შემდეგ მას ხელში უნივერსალური დანის ორი პროტოტიპი ეჭირა. ერთს ბრტყელტუჩა ჰქონდა ჩამონტაჟებული, მეორეს კი ბრტყელტუჩასთან ერთად მაკრატელი, ბოთლის გასასახსნელი და სახრახნისი.
გამომგონებელმა გადაწყვიტა თავისი ქმნილებები დანების რომელიმე მწარმოებლისათვის ეჩვენებინა. ტიმი დარწმუნებული იყო, რომ ამ გამოგონების წარმოების უფლების სანაცვლოდ მილიონ დოლარს არავინ დაიშურებდა. მაგრამ ყველგან უპასუხეს, ეს დანა კი არა, ინსტრუმენტიაო. შემდეგ თავისი მიგნების შესახებ საზოგადოებას New York Times-ის პატენტების სვეტის საშუალებით ამცნო, მაგრამ მხოლოდ ორიოდე გიჟი გამოეხმაურა. ლეზერმანი თითქმის დანებდა, მაგრამ ამის საშუალება თანაკურსელმა სტივ ბერლინერმა არ მისცა. მან ტიმს შესთავაზა ერთობლივი საწარმო შეექმნათ და მრავალფუნქციური დანები თავად ეწარმოებინათ.
წარმატებული ბიზნესი
ამისათვის მსხვილი კლიენტი უნდა ეპოვნათ. როგორც მეგობრებმა გამოითვალეს, პირველადი ინვესტირებისათვის 2000 დანის შესყიდვაზე შეკვეთის მიღება იყო საჭირო. ლეზერმანმა და ბერლინერმა განცხადება დაწერეს და 250-ზე მეტ კატალოგში დააგზავნეს. კლიენტები გამოჩნდნენ, მაგრამ პროდუქციის თვითღირებულება არ მოეწონათ. ჰოდა, მეგობრებმა ახალი პროტოტიპი შექმნეს, რომლის წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა.
შედეგმაც არ დააყოვნა - ტიმმა და სტივმა ჯერ 250 დანის დამზადების შეკვეთა მიიღეს, შემდეგ კი 500-ის. ამოდენა შეკვეთებს რომ გამკლავებოდნენ, ბერლინერის მამის სახელოსნოში დიდი საამქრო მოაწყვეს. თუმცა, მათ ბიზნესს ხელს ის უშლიდა, რომ ისინი ბაზრის ძალზე ვიწრო ნიშაზე მუშაობდნენ. ამასთან, სერიოზულ კონკურენციას აწყდებოდნენ დანების მწარმოებელი შვეიცარული ფირმებისა და სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღების მწარმოებელთაგან.
ლეზერმანის და ბერლინერის უკანასკნელი იმედი რეკლამა გახლდათ. მათ გადაწყვიტეს სარეკლამო კამპანიაში დიდძალი თანხა ჩაედოთ და საბოლოოდ სასურველი შედეგი მიიღეს - შეკვეთების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1980 წელს ლეზერმანმა თავისი გამოგონება დააპატენტა, ორი წლის შემდეგ კი კომპანია Leatherman Tool Group დაარეგისტრირა და დიდი ქარხანაც
წამოჭიმა.
კომპანიის გაყიდვების მოცულობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა სწორი სარეკლამო პოლიტიკა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წამოება და ახალ-ახალი მოდელების გამოგონება. 1993 წლისათვის Leatherman Tool Group წელიწადში მილიონ დანას ყიდდა. კომპანიამ საკუთარი მაღაზიები გახსნა, თანაც, არა მარტო აშშ-ში.
ამ დროისათვის Leatherman Tool Group მრავალფუნქციონალური ინსტრუმენტების სფეროს ლიდერი გახლავთ. იგი წელიწადში 4,5 მილიონამდე დანას აწარმოებს, რომლებიც მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში იყიდება. თავად ლეზერმანი უკვე ორი წელია კომპანიის მხოლოდ მფლობელია და დირექტორთა საბჭოს სხდომებს იშვიათად ესწრება. ანუ, ფაქტობრივად საქმეს ჩამოშორდა, რისი საშუალებაც მას კარგად აწყობილმა ბიზნესმა და 850 მილიონიანმა კაპიტალმა მისცა.