ისინი, ვინც “ოქროს ქვიშებზე“ გასარუჯად ბულგარეთში ჩადიოდნენ, მომავალი ზაფხულიდან, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ბათუმში შეეძლებათ “ოქროს ქვიშებზე“ წამოწოლა და გარუჯვა. ამის შესახებ დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის ეთერში, ექვსაათიან “კურიერში“, პირდაპირი ჩართვის დროს, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სიტყვა–სიტყვით ასე არ უთქვამს, მაგრამ მისი განცხადებიდან ცხადი გახდა, რომ ბათუმის სანაპირო ზოლზე “ოქროს ქვიშის“ დაყრა იგეგმება.
“ჩვენ შეიძლება გვითხრან, როცა მშია, რა დროს “ოქროს ქვიშის“ დაყრაა ბათუმშიო“, – ესაა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის ლოგიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმაც კარგად იცის და გაახმოვანა; იქვე, მისეული ლოგიკაც მიაყოლა – “მაგრამ ჩვენი ყველა ინვესტიცია და კონკრეტულ პროექტებში ჩადებული ფული იმის წინაპირობაა, რომ ხვალ უფრო ბევრი ფული გვქონდეს და გაჭირვებულებს მივცეთო“.
ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების კოლეგიების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, სააკაშვილმა გვითხრა, დღევანდელ კვერცხს ნუ ამჯობინებთ ხვალინდელ ქათამს, თუ ახლა ქამრებს შემოვიჭერთ, მომავალში უკეთესად ვიცხოვრებთო – “თუ ჩვენ გვინდა ნახტომი გავაკეთოთ, უნდა გავიჭირვოთ, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, მათ შორის სახელმწიფო აპარატმა“.
პრესა.გე დაინტერესდა რა დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს “ოქროს ქვიშებით“ ბათუმის სანაპირო ზოლის მოწყობა, საიდან ჩამოიტანენ ამ ქვიშებს, ბათუმის სანაპირო ზოლის რომელ მონაკვეთზე დაიყრება, რამდენ ხანს გაძლებს და ასე შემდეგ.
როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, “ოქროს ქვიშებისთვის“ თანხის გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის. ამასობაში გამოიკვლევენ სანაპირო ზოლის რომელ მონაკვეთზე როგორი ზვირთბრუნვაა, ხარჯთაღრიცხვაზე ჩამოყალიბდებიან.
მოკლედ, ტენდერის გამოცხადების შემდეგ გაირკვევა რომელ ფირმას ხვდება წილად “ოქროს ქვიშების“ ბათუმში ჩამოტანა. მაშინ იმასაც გავიგებთ, გამარჯვებული ფირმა კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან ჩამოიტანს ბათუმში “ოქროს ქვიშებს“ და ბათუმის სანაპირო ზოლის კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე დაიყრის.
ახლახანს მიხეილ სააკაშვილისგან შევიტყვეთ, რომ აჭარი სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა წელიწადის 12 თვიდან ექვსი თვეა შესაძლებელი. “ნამდვილად გამოვედი იმ ასაკიდან, რომ მზეზე კუნთები ვათამაშო, მაგრამ გუშინ მე თვითონაც ჩავხტი ზღვაში, რომ მეჩვენებინა ამის პერსპექტივა, იმიტომ რომ ეს გადის საერთაშორისო ამბებში, ისე როგორც ზაფხულში ვისრიალე ზემოთ“, – ესაა ამონარიდი სააკაშვილის სიტყვებიდან, რომელიც მან ზემოხსენებულ ტელე–სხდომაზე თქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზღვაო სეზონი თურმე 6 თვე, ანუ ნოემბრამდე გრძელდება, დიდწილად სავარაუდოა, რომ მაისში, ზღვიდან ამოსულმა სააკაშვილმა ცენტრალური ტელეარხების ჟურნალისტები “ოქროს ქვიშებზე“ მიიწვიოს და კომენტარებიც იქვე გააკეთოს, რომელიც შემდეგ “საერთაშორისო ამბებში“ გავა.