ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში დირექციის ნაწილი, მოსწავლეები და მშობლები მანდატურის მიერ სკოლის ისტორიის მასწავლებლის შარლოტა ქორიძის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნის გამო პროტესტს გამოთქვამენ.
როგორც სკოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მანდატურმა ინგა ვანიევმა სკოლის დირექტორის დავით ეცადეიშვილის სახელზე ისტორიის მასწავლებლის გათავისუფლების თხოვნით განცხადება იმ მოტივით შეადგინა, რომ გაკვეთილზე დაგვიანების გამო შარლოტა ქორიძემ მოსწავლეს “ხელი მოუქნია” და ამ ფორმით დასაჯა.
მშობლები სკოლაში მასწავლებლის დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კლასის დაშლით იმუქრებიან. გათავისუფლებული პედაგოგი იმავდროულად სკოლის მე-10 კლასის დამრიგებელიც იყო. მოსწავლეების თქმით, მასწავლებელი საკაცით სასწრაფო დახმარების ავტომანქანით სკოლიდან შინ გადაიყვანეს. სკოლის მოსწავლეთა თქმით, მანდატურმა გადაწყვეტილება თბილისში სატელეფონო ზარის შემდგომ მიიღო.
სკოლის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები შეზღუდულია და ისინი მანდატურებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.
ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ თბილისის საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა. ლეიბორისტების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ორი პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია, ხოლო მეორე პედაგოგმა მოსწავლეს მხარზე ხელი შეახო.
მანდატურებმა აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებების შელახვად ჩათვალეს, შეადგინეს აქტი და პედაგოგები სკოლიდან გაუშვეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სისტემატიურად მიმდინარეობს მანდატურების მხრიდან გაკვეთილების დროს სასკოლო ოთახზე მიყურადება და მიმდინარე პროცესის ამ მეთოდით კონტროლი.
იქვე შატბერაშვილი პედაგოგების ხელფასებსაც შეეხო. მისი თქმით, მანდატურებს პედაგოგებზე სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, რის გამოც განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მოუწოდა, რომ მანდატურების 800-ლარიანი ხელფასი მასწავლებლებს დაენიშნოთ, ხოლო მასწავლებლის 245-ლარიანი ხელფასი - მანდატურებისთვის იქნას განკუთვნილი.
ლეიბორისტების აზრით, სკოლებში დირექტორებზე და პედაგოგებზე მეტი უფლებები მანდატურებს აქვთ, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში მთლიანად აკონტროლებენ სიტუაციას, ხოლო ხელისუფლებას მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით სკოლებში პოლიციური კონტროლი სურს.
მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, მანდატურთა შემოღებას სკოლის მოსწავლეების მშობელთან უმრავლესობა დადებითად აფასებს. ერთ-ერთი მედია-გამოკითხვით (სადაც მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპოდენტმა) მანდატურების სკოლებში მივლინებას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 43 პროცენტი.