წელს ხორბლის ნათესების საერთო რაოდენობა 20%-ით შემცირდა

წელს ხორბლის ნათესების საერთო რაოდენობა 20%-ით შემცირდა

საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 20%-ით შემცირდა. წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ხორბალი დაახლოებით 40 ათას ჰექტარზე დაითესა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის პროგრამა ამერიკული ჯაგერის ტიპის ხორბლის თესლთან დაკავშირებით ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის ნათესების ფართობები ყოველ წელს მცირდება, შესაბამისად, ქვეყნის იმპორტირებულ ფქვილსა და ხორბალზე დამოკიდებულება იზრდება. საქართველოში მეხორბლეობის დეგრადაციის საჩვენებლად ერთი მონაცემიც კი საკმარისია - 2003 წელს ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა, მივიღეთ 225 ათასი ტონა მოსავალი. მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. ამჟამად კი ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა, ხოლო დამუშავებული ფართობის რაოდენობა გამესამედებულია.

"რეზონანსის" მიერ მოპოვებული წინასწარი მონაცემებით, ხორბალი დაახლოებით 40 ათას ჰექტარზე დაითესა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ხორბალი 57,5 ათას ჰექტარზე დაითესა და ეს იყო წინა 5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ შეძლო. 2010 წელს ეს კულტურა 50 ათას ჰექტარზე დაითესა და მოსავალი 47,5 ჰექტარზე მოვიდა; 2011 წელს კი ხორბლის ნათესი ფართობები, წინა წელთან შედარებით, 20%-ით 40 ათას ჰექტრამდე შემცირდა.

არადა, მთავრობა 2012 წლისთვის ხორბლის საერთო მოთხოვნილების 35%-ის ადგილობრივი ხორბლით დაკმაყოფილებას გეგმავდა. სინამდვილეში, 2011 წელს, მთლიანობაში, ადგილობრივ ხორბალს, დაახლოებით 9% ეკავა. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ეს მაჩვენებელი წლეულს კიდევ უფრო შემცირდება.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებდა, რომ ხორბლის მოსავლიანობის გაზრდას ხელს ამერიკიდან ჩამოტანილი ჯაგერის ტიპის ხორბალი შეუწყობდა, რომელიც 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, უფრო მეტ ფართობზე უნდა დათესილიყო.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამერიკიდან 2000 ტონა ხორბალი შემოიტანა. თესლის რეალიზაცია ადგილობრივ ფერმერებზე 13-თვიანი კონსიგანაციისა და პირდაპირი ანგარიშსწორების პირობებით მოხდა. სამინისტრომ ახალი ჯიშის ხორბლის თესლის შემოტანა საქართველოში არსებული ხორბლის დაბალი მოსავლიანობის გამო გადაწყვიტა, რომლის ძირითად მიზეზად ქვეყანაში ხორბლის მოძველებული სათესლე მასალის კვლავწარმოება დასახელდა.

სოფლის მეურნეობის ექსპერტის თამაზ კუნჭულიას განცხადებით, ამჟამად ხორბლის საერთო მოხმარებაში ადგილობრივი ხორბლის წილი მხოლოდ 9%-ია. კუნჭულიას განცხადებით, 2000 წელს გვალვიანი ზაფხულის შემდეგ, ამერიკელების დახმარებით მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში დიდი რაოდენობით თესლი შემოიტანა, ფერმერები სასუქებითაც მოამარაგა და მაშინ საქართველოში ხორბლის ყველაზე მაღალი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით, 300 ათასი ტონა, ამ მაჩვენებელმა საერთო მოხმარების 35% შეადგინა.

ამჟამად საქართველოში, დაახლოებით, 800 ათასი ტონა ხორბალსა და ხორბლის ფქვილს მოიხმარენ. იმისათვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ მოხმარების 35% უზრუნველყოს, მინიმუმ 280 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი უნდა მოვიდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2001 წლის შემდეგ ხორბლის შედარებით მაღალი მაჩვენებელი 2003 წელს დაფიქსირდა, მას შემდეგ ამ დარგის დეგრადაცია დაიწყო. კერძოდ, 2003 წელს ხორბალი 117 ათას ჰექტარზე დაითესა, მივიღეთ 225 ათასი ტონა მოსავალი. მაშინ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 24% შეადგინა. 2007 წელს ხორბალი დაითესა 45 ათას ჰექტარზე, მოიწიეს 75 ათასი ტონა მოსავალი, თვითუზრუნველყოფა კი 18,9%-მდე შემცირდა. 2008 წელს ხორბალი დაითესა 48,6 ათას ჰექტარზე, მიიღეს 80 ათასი ტონა, თვითუზრუნველყოფა დაახლოებით 12% იყო. 2010 წელს კი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 9%-მდე დაეცა.

ეს ციფრები აშკარად მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა, გაუარესდა მოსავლიანობა. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ამ კულტურის როლი და მნიშვნელობა სწორად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი კულტურაა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და მისდამი ზერელე დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ზღაპარია მთავრობის საუბარი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების მიზანია, სოფლებიდან მოსახლეობის აყრა და მათი მიწების გასხვისება", - ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.