შემოსავლების სამსახურმა კახეთში დემინაშვილების მთელი ბიზნესი დალუქა (VIDEO)

შემოსავლების სამსახურმა კახეთში დემინაშვილების მთელი ბიზნესი დალუქა (VIDEO)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კახეთში შპს „ავტოგაზის“ უძრავი და მოძრავი გაზგასამართი სადგურები დალუქა, შპს-ს დირექტორი ზაზა დოლმაზაშვილი კი დაკავებულია. რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესორგანიზაცია პარალიზებულია. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შპს „ავტოგაზის“ დირექტორის ზაზა დოლმაზაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 25 აპრილს, 19:46 საათზე გაავრცელა. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თელავში, შპს „ავტოგაზის“ ცენტრალურ გაზგასამართ სადგურზე საგადასახადო სამსახურის აგენტები მივიდნენ, რომლებმაც საწარმოს თანამშრომლებთან საუბარი უცენზურო სიტყვებით დაიწყეს და აღნიშნეს, რომ საჯარიმო ოქმს შეუდგენდნენ. სადგურის ოპერატორებმა დირექტორს დაურეკეს. საგადასახადოს აგენტებმა შეურაცხყოფა დირექტორსაც მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ საწარმოს დირექტორი დააკავა. ზაზა დოლმაზაშვილის დაკავების შემდეგ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ავტოგაზის“ კუთვნილი ცენტრალური და მოძრავი გაზგასამართი სადგურები, 10-ზე მეტი ობიექტი, რომელიც კახეთის სხვადასხვა რაიონშია განთავსებული, დაახლოებით ნახევარ საათში დალუქეს. შპს „ავტოგაზის“ გაზგასამართი სადგურები არ მუშაობს არც თელავში, არც ყვარელში, არც ახმეტაში, არც ვარდისუბანში და არც ბაკურციხეში.

შპს „ავტოგაზის“ მეპატრონემ შოთა დემინაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისი თქმით, დაკავებას ის თავად შეესწრო და ზაზას არაფერი დაუშავებია.

საწარმოს მეპატრონე კომენტარს არ აკეთებს, ზაზა დოლმაზაშვილს ხულიგნობა რომ ჩაედინა კიდეც, ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტი რატომ დალუქეს და გააჩერეს.

ზაზა დოლმაზაშვილის დაკავებისა და შპს „ავტოგაზის“ ობიექტების დალუქვის ფაქტზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. კომენტარი არც კახეთის საოლქო პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა და რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გააკეთეს.(VIDEO)

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, სამართალდამცავებმა, ფინანსური დარღვევების ბრალდებით შპს „ავტოგაზის“ მეპატრონე შოთა დემინაშვილი დააკავეს, თუმცა თანხის გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ, შოთა დემინაშვილმა თელავში, კავკასიონის ქუჩის ბოლოს მდებარე ავტოგაზგასამართი სადგური ერთ-ერთ ჩინოვნიკს დაუთმო.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შოთა დემინაშვილის კომპანიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად 50 ათასი ლარი გადაურიცხა. ამავე პერიოდში, აღნიშნული კომპანიის დაფინანსებით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც არის განთავსებული. „გამგეობის შენობა ჩემმა მეგობარმა გაარემონტა. აქ რომ მოვიდა და ნახა, რა მითხუნულ - მოთხუნული იყო აქაურობა, მითხრა, მე მოვაწესრიგებო. კაბინეტსაც მოგიწყობო, მაგრამ ვუთხარი, სამუშაო ოთახის გარემონტება არ მინდა მეთქი. ჩემმა მეგობარმა გაარემონტა, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს“, - განუცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. გამგეობის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შოთა დემინაშვილი თავად ხელმძღვანელობდა.