ქართული ავიაბიზნესი ვერა ქობალიას წინააღმდეგ

ქართული ავიაბიზნესი ვერა ქობალიას წინააღმდეგ

ქართული ავიაბიზნესი რთულ ვითარებაშია. "სკაი ჯორჯია" ფაქტობრივად უკვე "თამაშგარე" სიტუაციაშია და, შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდეს ავიაკომპანია "აირზენაც". 

"აირზენას" გენერალური დირექტორი გია ოკუჯავა არ მალავს, რომ ქართული ავიაბაზრის ფლაგმანი რთულ ვითარებაშია, რასაც ოკუჯავა ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. 

"ძალიან რთული მდგომარეობაა და ეს რთული მდგომარეობა მთელი რიგი საკითხების გამო შეიქმნა. პირველ რიგში, დავასახელებდი წლების მანძილზე საქართველოს ავიაციაში გატარებულ გაუაზრებელ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას. ასევე იმას, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასი და პრაქტიკულად ყოველდღიურად იზრდება. საერთოდ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დიდ გავლენას ახდენს ავიაციაზე"- აცხადებს გაზეთ "ქრონიკასთან" საუბრისას გია ოკუჯავა. 

"აირზენას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ქართული კომპანიები წაახალისოს, პირიქით უცხოური ავიაკომპანიების პროტექციონიზმითაა დაკავებული. 

"ტერმინი "ღია ცის პოლიტიკა" სამწუხაროდ, ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. სინამდვილეში ეს გახლავთ ორმხრივი ხელშეკრულება სახელმწიფოებს შორის და ორივე მხარეს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს. ევროგაერთიანებასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ევროპულ ავიაკომპანიებს საქართველოში დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ფრენა, ჩვენთვის კი ევროპის ყველა ქალაქის აეროპორტი ღამით დაკეტილია! ევროპას ვინ ჩივის,
`ღია ცა~ ჩვენთან ისეთი ქვეყნის ავიაკომპანიებსაც აქვთ, რომლებიც თავისთან არ ატარებენ ასეთ პოლიტიკას: თურქეთი, ყაზახეთი, ირანი, არაბეთის საემიროები, კატარი, ისრაელი და ასე შემდეგ. ირანში გვინდოდა ყოველდღიური ფრენების შესრულება, უარი მივიღეთ, რა სიხშირეებიც გაქვთ, საკმარისია, დანარჩენს ირანული ავიაკომპანიები იფრენენო. ყაზახეთში გავაკეთეთ განაცხადი ქალაქ ატირაუში ფრენების დაწყებაზე, დღემდე არ მოგვსვლია პასუხი.
ამაზე საქართველოს ავიაციის მესვეურებს, რომ ვეკითხებით, მხრებს იჩეჩენ მხოლოდ, პასუხს ველოდებითო. იცით, რას იზამდა საკუთარი ავიაკომპანიის გულშემატკივარი ჩინოვნიკი? გააფრთხილებდა მეზობელ კოლეგას, ჩემი ავიაკომპანია თუ არ მიიღებს ნებართვას, ვერც თქვენი იფრენს ჩვენთანო"- აცხადებს "აირზენას" დირექტორი. 

როგორც ცნობილია რამდენიმე თვის უკან საქართველოს მთავრობაში, კერძოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგან "აირზენას" მისამართით გარკვეული საყვედურიც კი გაისმა. მაშინ ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ თელ-ავივის ავიაკომპანიებს "აირზენა" ქართულ ბაზარზე შემოსვლაში ხელს უშლიდა, რადგანაც ქართული ავიაკომპანია მაღალ ფასებს აწესბდა. მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ მზადაა "აირზენას" მენეჯმენტს შეხვედროდა, თუმცა როგორც შემდგომ "აირზენაში" განაცხადეს, მათთან შეხვედრა თავად მინისტრმა არ მოინდომა. 

"მინისტრთან შეხვე ჩვენი ინიციატივების მიუხედავად, არ შემდგარა. რაც შეეხება ქალბატონ მინისტრის განცხადებას, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გამონათქვამი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისე კი, ქალბატონი ვერა ქობალია ანტირეკლამას უწევს ქართულ ავიაკომპანიას, თანადგომის ნაცვლად"- აცხადებს "აირზენას" გენერალური დირექტორი. 

"აირზენას" მენეჯმენტის განმარტებით, მთავრობისგან გაპიარებული დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სულაც არ გახლავთ ისეთი "იაფი", როგორც სარეკლამო რგოლებიდან ჩანს. "აირზენას" მხოლოდ იმ სეგმენტებზე აქვს კონკურენტებთან შედარებით მაღალი ფასები, სადაც ის პირდაპირ დაფრინავს და სადაც ფრენების ხანგრძლივობა დაახლოებით 8 საათზე მეტია ორივე მიმართულებით. 

"ისეთ პირდაპირ რეისებზე კი, როგორიცაა თბილისი-კიევი ან თბილისი-მოსკოვი ან თუნდაც იგივე თელ-ავივი ჩვენი ფასები არაფრით აღემატება კონკურენტების ფასებს. თბილისი-პარიზი-თბილისის რეისის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 საათს შეადგენს. მარტო საწვავის სახით ხარჯი, რომლის ფასები საქართველოში, სამწუხაროდ, მონოპოლიზებულია, ამ რეისზე 35000 დოლარია. ამიტომაც 100% დატვირთვითაც, რომ იფრინოს ავიაკომპანიამ, ბილეთის ფასი ვერაფრით ვერ იქნება 300 დოლარი. "თურქიშის" რეისი თბილისი-სტამბული-თბილისი 4-საათიანი ხანგრძლივობისაა და, შესაბამისად, რეისის ხარჯები 2,5-ჯერ ნაკლებია. ამიტომაც მას შეუძლია, ბილეთები 200 დოლარადაც კი გაყიდოს. "თურქიშის" ფასების სტრუქტურას თუ დავუკვირდებით, ბილეთის ფასი თბილისიდან სტამბულამდე თუ სტამბულის გავლით ევროპაში ერთმანეთისგან ან სრულად არ განსხვავდება ან მხოლოდ მაქსიმუმ 20% დანამატითაა. ე.ი. თუ დატვირთვა მხოლოდ თბილისი-სტამბულის მონაკვეთზე ექნება 70%-პროცენტიანიც კი, რეისი მომგებიანია. სწორედ ის 30% ადგილებისა გახლავთ იაფი, რომელიც სტამბულის გავლით ევროპაში მიემგზავრება, იმიტომ რომ, შესაბამისად, სტამბულიდან ევროპის რეისებზე ყოველთვის რჩება დაუტვირთავი ადგილები, რომლის გაყიდვაც 1 დოლარადაც კი უღირს. ფასთა იგივე წარმოება აქვთ სხვა უცხოურ ავიაკომპანიებსაც ტრანზიტულ ბილეთებზე", - აცხადებს გია ოკუჯავა. 

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბილეთის ფასების გაიაფება ავიაკომპანიების სიმრავლეზე იმდენად არ არის დამოკიდებული, როგორც ეს სამინისტროს მესვეურებს ჰგონიათ. უცხოური ავიაკომპანიების რაოდენობა საქართველოში 2005 წელთან შედარებით გაორმაგდა, ბილეთების ფასები კი ნამდვილად არ განახევრებულა. 

"როგორც კი შევწყვიტეთ ფრენა პარიზის მიმართულებით, სხვა ავიაკომპანიებმა ტარიფი 400 ევრომდე აწიეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბილეთს რამდენიმე თვით ადრე იყიდი, სხვა შემთხვევაში მგზავრობა 500-დან 800 ევრომდე ჯდება. ჩვენ პარიზის მიმართულებით მინიმალური ტარიფი 280 ევრო გვქონდა და ამით ავიაკომპანია დიდ ზარალს იღებდა. წელს ფრანკფურტისა და პარიზის გარდა, გავაუქმეთ რეისები მინსკში, ვაუქმებთ დუბაის მიმართულებასაც"- აცხადებს "აირზენას" გენერალური დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვერა ქობალიას მისამართით პრეტენზიები ქონდა "სკაი ჯორჯიას" მენეჯმენტსაც, როდესაც პირადად ვერა ქობალიას ბრძანებით "სკაი ჯორჯიას" თვითმფრინავებს ტვირთების გადაზიდვის უფლება შეუჩერდა. მაშინ ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ავიაკომპანიებმა ტექნიკურად გაუმართავი ბორტით იფრინონ. მისივე განმარტებით, პრობლემები, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს უკავშირდება სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. 

მინისტრის თქმით, ავიაკომპანია „სკაი ჯორჯიას" ხომალდები, რომელიც ბოლო პერიოდში მხოლოდ ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობდა, ტექნიკურად გაუმართავი იყო. 

მინისტრის თქმით, „სკაი ჯორჯიას" თვითმფრინავებზე აუდიტმა უარყოფითი დასკვნა დადო, შესაბამისად საქართველო და ქართული მხარე ვერ დაუშვებდა, რომ მგზავრთა სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მხოლოდ პილოტები და ტექნიკური პერსონალი იქნებოდა. „ტექნიკურად გაუმართავ თვითმფრინავებს ჩვენ ფრენის საშუალებას არ მივცემთ", - აცხადებს ვერა ქობალია. 

მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ „სკაი ჯორჯიას:" ექსვსთვიანი ვადა მისცა, რათა ახალი ლაინერი შემოეყვანათ, თუმც ავიაკომპანიამ ეს არ გააკეთა.